გიორგი შერმადინი პირველი ებრაული ტიტულის მოგებასთან ახლოსაა. მისი „მაკაბი“ თასის გათამაშების ფინალშია. თელ ავივის „მაკაბიმ“ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ჰაიფის „მაკაბის“ აჯობა და ტიტულისთვის კიდევ ერთ – აშდოდის „მაკაბის“ დაუპირისპირდება.
ჰაიფელებმა გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს თელავიველებს. მატჩი საბოლოო ანგარიშია 86:79. გიორგი შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მთლიანობაში მოედანზე 19 წუთი გაატარა. ქართველ ცენტრს თამაშიდან არ შეუტევია. მან 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და მისი მონაგარიც ეს გახლდათ. 3 ქულას შერმადინმა თანაგუნდელთაგან უმეტესი – 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაყოლა.
შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის, ჯეიკობ პულენის „ჰაპოელი“ აშდოდის „მაკაბისთან“ 59:69 დამარცხდა. ფინალური დაპირისპირება, რომელშიც შერმადინის „მაკაბი“ აშდოდურ „მაკაბის“ დაუპირისპირდება, 6 ოქტომბერს გაიმართება.