ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში გიორგი შერმადინის “უნიკახამ” “მონბუს ობრადორიო” 96:76 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ცენტრმა კარლოს სუარესთან ზიარად MVP-ის ტიტული დაიმსახურა.
შერმადინი სათადარიგო იყო, მოედანზე კი მთლიანობაში 21 წუთი გაატარა. გიორგი 100-პროცენტიანი სიზუსტით უტევდა და 6 ორქულიანთან ერთად უშეცდომოდ შეასრულა 4 საჯარიმოც. ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სავარაუდოდ ეს დაკარგვეები გახდა იმის მიზეზი, რომ შერმადინს საერთო სარგებლიანობით თანაგუნდელი სუარესი წამოეწია. ორივე მათგანის სარგებლიანობის ინდექსმა 21 შეადგინა, არადა, სუარესმა შეხვედრა 10 ქულით, 6 პასით და 3 მოხსნით დაასრულა.
15 მატჩიდან 8 მოგებით “უნიკახა” ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 14 იანვარს, შერმადინის გუნდი სტუმრად “ბარსელონას’ დაუპირისპირდება. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, მისი “ბასკონია” მე-15 ტურის მატჩს დღეს ვიტორიაში, მოქმედ ჩემპიონ “ვალენსიასთან” გამართავს.
