შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” მადრიდის “რეალთან” სერია გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა

შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” მადრიდის “რეალთან” სერია გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა

გიორგი შერმადინი, რომელსაც ევროლიგა აქამდე ორჯერ აქვს მოგებული, მორიგი ოთხთა ფინალის ზღვარზეა. მეოთხედფინალური სერიის საწყისი 2 მატჩის წაგების შემდეგ, პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” ზედიზედ 2 შეხვედრა მოუგო მადრიდის “რეალს” და საქმე მე-5, გადამწყვეტ შერკინებამდე მიიყვანა.
სერიაში 1:2 ჩამორჩენილმა პირეოსელებმა დღეს შესანიშნავად ითამაშეს. თუკი წინა მატჩი ბოლო წამებზე, უდიდესი ბრძოლის შემდეგ მოიგეს, სერიის მე-4 შეხვედრაში “ოლიმპიაკოსი” უფრო დამაჯერებელი იყო და ესპანურ გრანდს ისე მოუგო, წარმატების შანსი არ მიუცია.
მასპინძლებმა განსაკუთრებით კარგად დასკვნის მეოთხედში ითამაშეს, რომლის დაწყებისას მხოლოდ 2 ქულით იგებდნენ. ფარქვეშ სანაქებოდ მოთამაშე ბრაინტ დანსტონს პერიმეტრიდან ხელს ვასილის სპანულისი აშველებდა. ამ 2 კალათბურთელის მეოხებით “ოლიმპიაკოსმა” ბოლო წუთებზე ისე ითამაშა, მადრიდელებს მასპინძლებთან მიახლოების შანსიც არ ჰქონიათ და საბოლოოდ 62:71 დამარცხდნენ.
ქართველმა კალათბურთელმა, რომელმაც წინა შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, 7:20 წუთი ითამაშა. შერმადინს “რეალის” ფარისთვის თამაშიდან არ შეუტევია, მან 2 ქულა საჯარიმოებით მოიპოვა. სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი ქართველ ცენტრს არ ჰქონია. მატჩის საუკეთესო დანსტონმა, რომელიც გასული ტურის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს, ამჯერად 13 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. სპანულისის ანგარიშზე 12 ქულა და 7 პასი დაგროვდა.
სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც ოთხთა ფინალში გავა, 25 აპრილს, მადრიდში გაიმართება. ამ წყვილის გამარჯვებულს ნახევარფინალში “ბარსელონა” ელის.