საბერძნეთის ჩემპიონატი
გიორგი შერმადინმა საბერძნეთის ჩემპიონატში პირადი რეკორდი დაამყარა. „ლარისასთან“ საშინაო შეხვედრაში „პანათინაიკოსმა“ 97:65 იმარჯვა, ხოლო ქართველმა ცენტრმა 19 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
შერმადინს ამდენი აქვს ჩაგდებული საბერძნეთის თასის შეხვედრაში, ხოლო ამხანაგურ მატჩებში გაცილებიტ მეტიც მოუგროვებია. „ლარისასთან“ შეგროვებული 13 ქულა კი როგორც ვთქვით, მისთვის სარეკორდოა საბერძნეთის ჩემპიონატში.
შერმადინმა 5 ორქულიანიდან და 6 საჯარიმოდან მიზანს მხოლოდ თითო სროლა ააცილა. ქართველი ცენტრის წინააღმდეგ ლარისელები 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება ათენელთა ძირიტად ცენტრ ნიკოლა პეკოვიჩს, მან 21 წუთი ითამაშა და 12 ქულას და 3 მოხსნას დასჯერდა. შედეგიანობით შერმადინს მხოლოდ მარკუს ჰაისლიპმა აჯობა, რომელმაც 22 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
“პანათინაიკოსისთვის“ ეს მე-13 (თოთხმეტ მატჩში) გამარჯვება იყო და ათენელები კვლავ პირველ ადგილზე არიან „ოლიმპიაკოსთან“ ერთად.
იტალიის სერია A
მანუჩარ მარკოიშვილმაც შედეგიანობით გამოიჩინა თავი. მისი ამჟამინდელი გუნდი „კანტუ“ მანუჩარის ყოფილ კლუბ „ბენეტონს“ ხვდებოდა და დაძაბულ ბრძოლაში 92:96 დამარცხდა.
მარკოიშვილმა 32 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მანუჩარმა 7–დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 3–დან 1 სამიანი და სამივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა.
ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ სტუმრად ეთამაშებოდა „მონტეგრანაროს“ და 78:80 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი იმით გამოირჩა, რომ 6 (!) წუთში 5 პერსონალური მიიღო და მოედანი დატოვა. სანიკიძემ ერთადერთი მოხსნის მითვლა მოასწრო, დანარჩენი სულ ჯარიმების მიღებით იყო დაკავებული.
სანიკიძის და მარკოიშვილის გუნდებს თანაბრად აქვთ მოგებ–წაგებები (9–7) და სერია A–ში 4–5 ადგილებს იყოფენ.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
პლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლმა მებრძოლმა ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ფუენლაბრადამ” პრიმერადივიზიონის ერთ–ერთი აუტსაიდერი “ბილბაო” ისტუმრა და 85:72 დაამარცხა. 4 ქულით წაგებული პირველი ნახევრის შემდეგ მადრიდელებმა მომდევნო მეოთხედებში ბასკები პირწმინდად დაჩაგრეს და მიმდინარე ჩემპიონატში მე-8 გამარჯვება იზეიმეს
ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 20.36 წუთში 8 ქულისა და 2 მოხსნის მითვლა შეძლო. ნიკამ პერიმეტრიდან ორჯერვე ზუსტად ისროლა, ხოლო ამდენივე ორქულიანიდან ერთი ჩააგდო. “ფუენლაბრადამ” ამ მოგებით ცხრილში მე-11 ადგილზე აინაცვლა. პლეი ოფში კი 8 საუკეთესო გუნდი გადის.
რაც შეეხება ტაირონ ელისის “კახასოლს”, სევილიელები უკვე მყარად არიან საპლეიოფო ზონაში. ელისის გუნდმა გასულ ტურში სტუმრად “ლაგუნი” 56:47 დაამარცხა და მეხუთე ადგილზე გამაგრდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ლაგუნელებს 33 წუთში 5 ქულა ჩაუგდო. მის ანგარიშზე იყო 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაც.
გერმანიის ბუნდესლიგა
მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ლაშა გამყრელიძის ‘მიტელდოიჩერმა“, ვისი მეტოქეც ცხრილში მეზობლად მყოფი „არტლენდი“ 81:80 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 10.49 წუთში ორ ქულას (1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი), ამდენივე შედეგიან გადაცემასა და 1 მოხსნას მოუყარა თავი.
„მიტელდოიჩერს“ 11 მოგება და 10 წაგება აქვს. იგივე შედეგი აქვთ „არტლენდსა’ და „ბროსეს“ და ეს გუნდები 7–9 ადგილებს ინაწილებენ.