ევროლიგის მორიგ ტურში დასანანი მარცხი განიცადა ლიუბლიანის „ოლიმპიამ“, სადაც ორი ჩვენიანი – გიორგი შერმადინი და ვლადიმერ ბოისა თამაშობენ. ბოისა ტრავმირებულია და ჯერ ვერ გადის მოედანზე, შერმადინმა კი ამ ტურის მატჩში საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. სლოვენიური გუნდი სტამბოლში „ეფესს“ ხვდებოდა და ბოლო მეოთხედში მოდუნება წაგებად დაუჯდა – 78:84.
ლიუბლიანელებმა პირველი მეოთხედი 6 ქულით წააგეს, თუმცა მომდევნო 2 ათწუთეული კარგად ჩაატარეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 2 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა… საბოლოოდ მასპინძლებმა იძალეს და „ოლიმპიამ“ ევროლიგის მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა.
შერმადინი თამაშში მე–8 წუთზე ჩაერთო, თუმცა მოედანი მალევე დატოვა. მწვრთნელი გიორგის მეორე ტაიმში დაეყრდნო და მთელი მესამე მეოთხედი მოედანზე ამყოფა. შერმადინმაც გაამართლა და ოლიმპიელებმა თამაშში გარდატეხა რომ შეიტანეს და დაწინაურდნენ, ქართველი ცენტრის დამსახურებაცაა. გიორგი ფარქვეშ გაბატონდა და მას ჯარიმებით თუღა აჩერებდნენ თურქები. ქართველი ცენტრიც შეუცდომლად ესროდა, 6–დან ექვსივე საჯარიმო ჩააგდო, რასაც 4–დან 2 ორიანი მოაყოლა და მთლიანობაში 10 ქულა დააგროვა. შერმადინმა ასევე 5 მოხსნა და თითო ჩაჭრა–დაფარება მიითვალა.
თავის მხრივ შერმადინიც ხშირად ჯარიმდებოდა და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე მას 4 პერსონალური დაუგროვდა. მწვრთნელმა ქართველი ცენტრი მოედნიდან გაიხმო და თამაშში საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე დააბრუნა. გიორგიმ შედეგიანად განაგრძო თამაში, თუმცა მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მე–5 ჯარიმა მიიღო და მოედნიდან იძულებით გასვლა მოუხდა.
უტევს გიორგი შერმადინი
ამ წაფორხილებით „ოლიმპიას“ ბევრი არ უზარალია, რადგან ამავე ტურში D ჯგუფში ოლიმპიელთა თანალიდერმა „პანათინაიკოსმა“ შინ „ვალენსიასთან“ წააგო. თუმცა „ეფესი“ ლიდერებს დაეწია და ახლა ჯგუფს სამი თანაბარქულიანი მოწინავე ჰყავს – „ოლიმპია“, „პანათინაიკოსი“ და „ეფესი“. ჯგუფში სულ 6 გუნდია და მეორე ეტაპზე, ანუ ტოპ–16–ში 4 საუკეთესო გადის. მომდევნო ტურში, 2 დეკემბერს „ოლიმპია“ იტალიურ „მილანს“ მასპინძლობს.