შერმადინის უქულო მატჩი მალაგაში და ანდორელების მორიგი მარცხი “უნიკახასთან”

შერმადინის უქულო მატჩი მალაგაში და ანდორელების მორიგი მარცხი “უნიკახასთან”

გიორგი შერმადინი გასულ კვირაში ესპანეთის უმაღლესი ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოგების კანდიდატად დაასახელეს და სოციალურ ქსელებში მიმდინარე გამოკითხვაში შეიყვანეს. ცუდად დაემთხვა, რომ სწორედ ახლა ითამაშა ქართველმა ცენტრმა სეზონის ერთ-ერთი უხეირო მატჩი. მისმა „ანდორამ“ მალაგაში „უნიკახასთან“ 71:82 წააგო, შერმადინმა კი მოედანი უქულოდ დატოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ანდორელთა სასტარტო ხუთეულში გახლდათ. შერმადინმა მეტოქის ფარს 4-ჯერ შეუტია, თუმცა ყველა აუცდა. გიორგიმ საბოლოოდ 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ანდორელთაგან 14 ქულით საუკეთესო უკა ბოგდანოვიჩი გახლდათ, გამარჯვებულთა ლიდერებმაც – ნემანია ნედოვიჩმა და მინდაუგას კუზმინსკასმაც 14-14 ქულა მიითვალეს.
11 მოგებითა და 17 წაგებით ანდორელები „სევილიასთან“ ერთად 12-13 ადგილებს იყოფენ და მათთვის პლეი ოფში გასვლა უკვე ძალიან ბუნდოვანია. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 24 აპრილს, სტუმრად „გრან კანარიასთან“ გამართავს.