შერმადინისა და ბურჯანაძის “ამდორამ| “სევილიას” სძლია და ესპანეთის თასზე გავიდა

შერმადინისა და ბურჯანაძის “ამდორამ| “სევილიას” სძლია და ესპანეთის თასზე გავიდა

გიორგი შერმადინის მორიგი დიდებული თამაშის წყალობით, “მორაბანკ ანდორამ” ესპანეთის ჩემპიონატში “ბეტისი” 95:69 (30:19, 24:9, 13:28, 28:13) დაამარცხა და პირველი წრე საუკეთესო რვეულში დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალებს სამეფო თასზეც მოსინჯავს. ანდორელები ერთერთ უშუალო კონკურენტს ეთამაშებოდნენ და მატჩს მაქსიმალური კონცენტრაციით მიუდგნენ. მასპინძლები პირველ ტაიმი 26 ქულით მოიგეს, თუმცა, შესვენების შემდეგ სხვაობა ხუთ ქულამდე დავიდა. ქართველი ცენტრის ლიდერობით, “მორაბანკ ანდორამ” კიდევ 1 სპურტი წამოიწყო, რასაც სევილიელებმა სათანადოდ უკვე ვეღარ უპასუხეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:59 წუთში 22 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 8-ვე (!) ორქულიანი და 11-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა, რითაც მან ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე განაცხადი კიდევ ერთხელ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ გასულ ტურებში გიორგის საუკეთესო მაჩვენებელი 2-ჯერ ჰქონდა, თუმცა, ვინაიდან მისი კლუბი აგებდა, ტურის უძვირფასეს კალათბურთელად არ ასახელებდნენ. ახლა, ჩვენებურის გაბრწყინებას ანდორელთა გამარჯვებაც თან დაერთო და წესით, შერმადინის აღიარებას წინ ვეღარაფერი უნდა დაუდგეს.

სათქმელია ისიც, რომ ქართველმა ცენტრმა პირწმინდად დაჩაგრა ბეტისელთა ცენტრები რაშიდ მაჰალბაშიჩი და ხუან ტრიგუერო. ავსტრიელმა ლეგიონერმა, რომელიც მიმდინარე სეზონში საშუალოდ 14.2 ქულას აგდებდა, 20:56 წუთში 2 ქულა მოაგროვა, ესპანელმა კი 19:03 წუთში 6 ქულა ჩააგდო. ფარზე ორივეს ჯამური მონაგარი 10 მოხსნა იყო, რაც შერმადინის მაჩვენებელზე ერთით ნაკლები გახლდათ. გასულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ანდორელთა კიდევ ერთმა ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ. მან 4 პერსონალური ფოლის გამო, მოედანზე მხოლოდ 08:52 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. ბექამ ორქულიანი, სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ. “მორაბანკ ანდორას” 9 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და როგორც აღვნიშნეთ, სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 21 იანვარს, სტუმრად, “გრან კანარიასთან” ჩაატარებს.
 
სეზონში მე-11 მოგება გაიფორმა და მე-5 პოზიციაზე გამაგრდა თორნიკე შენგელიას “ბასკონია”, რომელმაც “ბილბაოს” 84:63 სძლია. ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:30 წუთში 5 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. თოკომ 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა. შეხვედრის გმირი ფრანგი როდრიგ ბობუა გახდა 21 ქულით, უნგრელმა ადამ ჰანგამ 14 ქულა მიითვალა, ამერიკელმა შეინ ლარკინმა და გერმანელმა იოჰანეს ვოიგტმანმა კი 12-12 ქულა ჩააგდეს. 22 იანვარს, ბასკური კლუბი “მურსიას” ესტუმრება. დასასრულ, ისევ ესპანეთის თასზე ვთქვათ, რომელსაც 16-19 თებერვალს სწორედ “ბასკონიას” შინაური არენა უმასპინძლებს და იქ შენგელიას კლუბის გარდა, “რეალი”, “ვალენსია”, “ტენერიფე”, “ბარსელონა”, “გრან კანარია”, “უნიკახა” და “მორაბანკ ანდორა” ითამაშებენ. მინი-ტურნირის წილისყრა დღეს ჩატარდება.