გიორგი შერმადინისა და „ბექა ბურჯანაძის „მორაბანკ ანდორა“ ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშებს. ეს ამბავი მას მერე გახდა ცნობილი, რაც თორნიკე შენგელიას ლიდერობით „ბასკონიამ“ ანდორელთ კონკურენტი „ბილბაო ბასკეტი“ სტუმრად დაამარცხა – 75:64.
შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:44 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 4-დან 3 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მე-3 მეოთხედში შენგელიამ ალექს მუმბრუსთან ბრძოლისას ფეხი იტკინა და მოედანი კოჭლობით დატოვა, თუმცა, საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ქართველმა ლეგიონერმა თამაშის გაგრძელება მოახერხა. “ბასკონიამ” 22 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და ბოლო ტურის წინ მე-3 პოზიციაზე იმყოფება. შენგელიას კლუბი დასკვნით შეხვედრას 14 მაისს, შინ, უმოტივაციო ”ფუენლაბრადასთან” ჩაატარებს და მოწინავე ოთხეულში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს, რაც პლეიოფში მოედნის უპირატესობას მისცემს.
როგორც თავშივე აღვნიშნეთ, “მორაბანკ ანდორა” სევილიაში დამარცხდა და ამ მატჩში ქართველთაგან მხოლოდ შერმადინმა ითამაშა, ბექა ბურჯანაძე კი ტრავმის გამო, განაცხადში არ ყოფილა. ქართველი ცენტრის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 23:43 წუთში 6 ქულა, 11 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 6-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 1 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. 16 მოგებითა და 15 მარცხით “მორაბანკ ანდორა” მე-8 ადგილზეა და უკვე ცხადია, რომ ქართველ კალათბურთელთა გუნდის მდგომარეობა აღარ შეიცვლება. ანდორელები ხსენებულ “ბილბაო ბასკეტს” 2 მოგებით უსწრებენ, მე-7 პოზიციაზე მყოფ “გრან კანარიას” კი 4 გამარჯვებით ჩამორჩებიან. 14 მაისს “მორაბანკ ანდორა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს, რომელთან ჭიდილიც, დიდი ალბათობით, მეოთხედფინალურ სერიაში მოუწევს. სათქმელია ისიც, რომ ანდორულმა კლუბმა პლეიოფში 1995 წლის შემდეგ პირველად გავიდა.