შერმადინმა ევროლიგა რეკორდით დახურა

რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა პირად საევროლიგო რეკორდი დაამყარა. ათენის „პანათინაიკოსის“ ქართველმა ცენტრმა მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ბერძნული „მარუსის“ წინააღმდეგ 14,46 წუთი ითამაშა და 11 ქულა დააგროვა. აქამდე შერმადინის საევროლიგო რეკორდი 10 ქულა იყო, რაც გიორგიმ ამ სეზონის პირველ ჯგუფურ ეტაპზე, მოსკოვის „ხიმკისთან“ მოაგროვა.
დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და პრინციპული იყო. მართალია, „პანათინაიკოსს“ ჯგუფიდან გასვლის შანსი 2 ტურის წინ დაეკარგა, მაგრამ საკუთარ გულშემატკივრებთან რეაბილიტაციისთვის გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. თანაც, მეტოქე გუნდს რომ მოეგო, ჯგუფიდან გადიოდა და მიუხედავად იმისა, რომ “მარუსი” თანამემამულე იყო, ათენელებმა მაინც არ დაუთმეს და ძალიან დაძაბული შეხვედრა 82:79 მოუგეს.
მატჩი თავიდან ბოლომდე ქულა–ქულაში მიდიოდა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა მცირედით, ხანაც მეორე. თავად განსაჯეთ, მეოთხედები ამ თანმიმდევრობით და ამ ანგარიშებით დასრულდა 22:20, 19:19, 20:21 და 21:19.
 

 
გიორგი შერმადინი პირველსავე მეოთხედში გამოჩნდა მოედანზე და ბურთთან პირველივე შეხება ჩატენვით დაასრულა. შემდეგ მან სამწამიანში აქტიურობა განაგრძო და მას „მარუსის“ მოთამაშეები წესების დარღვევით თუღა აჩერებდნენ. შერმადინზე მთლიანობაში 4–ჯერ დაჯარიმდნენ და ოთხივე შემთხვევაში ქართველი საჯარიმოს ხაზზე დადგა. შესაბამისად, ნასროლი 8 საჯარიმოდან შერმადინმა 7 ჩააგდო, რასაც 2 ორქულიანი (ერთი ჩატენვა) მოაყოლა და 11 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად გიორგიმ 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მიითვალა, რითაც იგი ათენელებს გამარჯვებაში გვარიანად დაეხმარა.
უნდა აღინიშნოს, რომ შერმადინზე მეტი ქულა (21) „პანათინაიკოსის“ რიგებში მხოლოდ მაიკ ბატისტს ჰქონდა. გიორგის დარად 11 ქულა დააგროვა ათენელთა ლიტველმა ლეგიონერმა შარუნას იასიკევიჩუსმა.
„მარუსის“ ამ წაგებით სერბულმა „პარტიზანმა“ ისარგებლა და ევროლიგის საუკეთესო რვეულში გააღწია, საიდანაც ოთხთა ფინალაში გასვლამდე ერთი ორრაუნდიანი ბრძოლის მოგებაღაა საჭირო.
მოქმედი ჩემპიონი „პანათინაიკოსი“ კი ევროლიგას მომავალ შემოდგომამდე, ანუ ახალ სეზონამდე ემშვიდობება.