ლიუბლიანას „ოლიმპიაში“ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა. თანაც, რიგით შეხვედრაში კი არა – სლოვენიური გრანდი ევროპული მასშტაბის გრანდ „ბარსელობას“ ევროლიგის ტოპ–16–ის მატჩში ხვდებოდა და ქართველი ცენტრი საკუთარ გუნდში საუკეთესო გახლდათ. შერმადინი სასტარტო არ ყოფილა, მაგრამ მოედანზე მისთვის საკმაოდ ბევრი – 23,21 წუთი გაატარა და 14 ქულით თანაგუნდელ კენი გრეგორისთან ერთად ოლიმპიელთაგან ბომბარდირი გახდა.
სამწუხაროდ, „ოლიმოიას“ ამ მატჩში ის შეემთხვა, რაც პირველ ტურში რომაულ „ლოტომატიკას“ დამართა. ლიუბლიანელებმა 1 კვირის წინ რომში 1 ქულით იმარჯვეს, ახლა კი შინაურ არენაზე „ბარსელონასთან“ 1 ქულით – 67:68 დამარცხდნენ.
გიორგი შერმადინი როჯერ
გრიმაუს ბურთს ართმევს
შერმადინმა 5–დან 4 ორქულიანი და 9–დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრი ფარქვეშ ძალიან აქტიური იყო და ამაზე მიუთითებს ის, რომ მასზე ბარსელონელელები 6–ჯერ დაჯარიმდნენ და გიორგიმ 9 საჯარიმო ესროლა. 14 ქულასთან ერთად შერმადინს 6 მოხსნა (მეორე შედეგი გუნდში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუგროვდა. საერთო სარგებლიანობის მაჩვენებლით (21) შერმადინი „ოლიმპიაში“ საუკეთესო იყო, მას მხოლოდ ბარსელონელმა ხუან კარლოს ნავარომ აჯობა, რომელმაც 27 ქულა მოაგროვა.
ამ გამარჯვების წყალობით, “ბარსელონა” F ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერად იქცა, თელ-ავივის “მაკაბისა” და “ოლიმპიას” თითო მოგება-წაგება აქვთ, რომის “ლოტომატიკა” კი ორი მარცხით ბოლო ადგილზეა. 3 თებერვალს ლიუბლიანელები ისრაელს ეწვევიან და თელ ავივში “მაკაბისთან” პრინციპულ მატჩს ჩაატარებენ.