გიორგი შერმადინმა ევროლიგის ნახევარფინალში ითამა შა და პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ მოსკოვის ცსკა-ს დამარცხებაში დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ოთხთა ფინალში, რომელსაც ლონდონი მასპინძლობს, ღირსეულად ითამაშა – 12 წუთში 5 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, ბერძნულმა გრანდმა კი რუსული არმიის სიამაყე 69:52 დაამარცხა.
ფავორიტად ცსკა მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ოლიმპიაკოსი“ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია, მიმდინარე სეზონში პირეოსელებს მეტად გაუჭირდათ ოთხთა ფინალში გასვლა, ცსკა-მ კი მთელი სეზონი რიხით განვლო და ფინალში გასვლასაც ეშურებოდა, მაგრამ ოლიმპიაკოსელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და საამაყო გამარჯვება მოიპოვეს.
შერმადინმა 5-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 3 ჯარიმა მიიღო, რომელთაგანაც 1 არასპორტული გახლდათ. ბერძნულ გუნდში 13-13 ქულით საუკეთესონი პერო ანტიჩი და კაილი ჰაინსი გახლდნენ, გამარჯვებულთაგან სხვას არავის მიუღწევია 10-ქულიანი ზღვრისთვის. ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელად დასახელებულმა ვასილის სპანულისმა შეხვედრა 8 ქულით, 5 მოხსნით და 4 პასით დაასრულა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში “რეალმა” მეორე ესპანური გრანდი “ბარსელონა” 74:67 დაამარცხა. ამრიგად, ევროლიგის 2012-13 წლების სეზონის ჩემპიონის ტიტულს “ოლიმპიაკოსი” და “რეალი” გაითამაშებენ. ფინალური და მესამე ადგილისთვის მატჩები 12 მაისს გაიმართება.