შერმადინმა გაათანაბრა, პულენს გაუთანაბრეს

შერმადინმა გაათანაბრა, პულენს გაუთანაბრეს

ჯეიკობ პულენის გუნდს შეეძლო 1 გამარჯვებით იტალიის სერია „ა”-ს მეოთხედფინალური სერია სათავისოდ დაემთავრებინა, თუმცა შინაურ კედლებში „რეჯიო ემილიას” დამარცხება ვერ შეძლო და სერიაში ანგარიში გათანაბრდა.
„ენელ ბრინდისიმ”, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი ჯეიკობ პულენია, მოედნის უპირატესობა ვერ გამოიყენა. სტუმრად, რეჯიო ემილიაში ბრინდისელებმა მოგებ-წაგება გაიყვეს და შინ მოგებული პირველი მატჩის შემდეგ ნახევარფინალამდე 1 ნაბიჯი აკლდათ. სერიის მეოთხე მატჩში სტუმრებმა გამარჯვების მოპოვება და საერთო ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – 2:2.
შეხვედრა რეჯიოემილიელთ გამარჯვებით 73:62 დასრულდა. პულენი თანაგუნდელ ჯეიმს მეისთან ერთად ბრინდისელთაგან საუკეთესო იყო. ქართულპასპორტიანმა ჯეიკობმა 32 წუთში 10 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. პულენმა 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანი ჩააგდო. სერიის გადამწყვეტი, მე-5 შეხვედრა 27 მაისს რეჯიო ემილიაში გაიმართება.

რაც შეეხება გიორგი შერმადინის „კანტუს”, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. კანტუელებმა მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩი შინაურ არენაზე 81:64 დაამარცხეს „ვენეცია” და საერთო ანგარიში გაათანაბრეს – 2:2. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა და 4 ქულით, 4 მოხსნით, 2 დაფარებით და 1 პასით დაასრულა.
სერიის გადამწყვეტი, მე-5 შეხვედრა 27 მაისს ვენეციაში გაიმართება.