მორიგი მატჩი მოიგო და ესტონეთის ჩემპიონატს 18 მოგება–1 წაგებით ლიდერობს გიორგი ცინცაძის „როკი“. ტარტუელებმა ამჯერად სტუმრად „რაპლა“ დაამარცხეს – 89:75.
ქართველმა გამთამაშებელმა მოედანზე 19 წუთი გაატარა, როს განმავლობაშიც 9 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 7–დან 4 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ „კალევ–კრამოს“ 17 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.
გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას „ოლიმპიამ“ ადრიატიკის ლიგის ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა. ლიუბლიანელებმა მორიგი ტურის მატჩი ბელგრადში „პარტიზანთან“ 50:61 წააგეს. ახლა 4 გუნდს – „პარტიზანს“, „კრკა“, „ბუდუჩნოსტს“ და „ოლიმპიას“ მოგებ–წაგებათა ერთნაირი ბალანსი (11–7) აქვთ და შესაბამისად I-IV ადგილებსაც იყოფენ.
რაც შეეხება ბელგრადში წაგებულ შეხვედრას, მასში მონაწილეობა მხოლოდ გიორგი შერმადინმა მიიღო. ვლადიმერ ბოისა კი კვლავ სათადარიგო იყო და მოედანზე არ გამოსულა. მცირექულიანი მატჩის კვალობაზე შერმადინმა საკმაოდ ბევრი – 7 ქულა ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 20 წუთი გაატარა და 4–ში 2 ორქულიანი და 4–ში 3 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ 7 ქულას 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მოაყოლა.
მორიგ მატჩს „ოლიმპია“ 29 იანვარს შინ „ჰემოფარმთან“ გამართავს.
გიორგი შერმადინი პარტიზანელი
ნათან ჯავაის დაფარებას ცდილობს