შსს-აკადემია საქართველოს ახალი ჩემპიონია

შსს-აკადემია საქართველოს ახალი ჩემპიონია

სუპერლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში 86:80 დაამარცხა „ოლიმპი“ და პირველად, არსებობის 5-წლიან ისტორიაში ქვეყნის უმთავრესი ტიტული პირველად მოიგო.
 

 
გადამწყვეტ მატჩამდე გუნდებმა 2-2 მატჩი მოიგეს და ყველაფერი სერიის ბოლო, გადამწყვეტ მატჩზე იყო დამოკიდებული, რომელსაც უკეთესად მომზადებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიელები შეხვდნენ. ბერძენი სპეციალისტის, გეორგის კეცელიდისის გაწვრთნილმა „შსს-აკადემიამ“ საჩემპიონო მატჩი საბოლოოდ 6 ქულით მოიგო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ „ოლიმპს“ ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა – იქნება ეს სწრაფი თამაში, ფარქვეშა ორთაბრძოლა, სროლათა პროცენტულობა თუ საბრძოლო შემართება.
 
ეს ბოლო კომპონენტი გამოდგა გადამწყვეტი, რადგან შსს-ელთა სხვა სათამაშო კომპონენტებში წარმატება სწორებ საბრძოლო შემართების, მობილიზების და გამარჯვებისკენ სწრაფვის შედეგია. კეცელიდისის გუნდმა ლიდერობა თავიდანვე რომ მოიპოვა, მეტოქე ერთხელაც არ გაუშვია წინ. „ოლიმპმა“ მატჩის პირველი ბურთი ჩააგდო და 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც კირკ არჩიბეკის დიდებული თამაშის წყალობით აკადემიელებმა 10:0 გაქცევა მოაწყვეს და როგორც ვთქვით, უპირატესობას თამაშის ბოლომდე ფლობდნენ.
 
პირველი მეოთხედი შსს-მ 25:15 მოიგო. სტთა ცენტრი პერიმეტრზე აიწია და სამქულიანი ნიშნულის სიახლოვედან ორქულიანებს წარმატებით ისროდა. უკანა ხაზიდან აქტიურობდა დეონტა ვონი, რომელიც ზუსტ გარღვევებსაც ახორციელებდა და შორი, თუ საშუალო დისტანციებიდან წარმატებით ლაშქრავდა ოლიმპელთა ფარს.
 
მეორე ტაიმი აკადემიელთა 8-ქულიანი უპირატესობით განახლდა. მესამე პერიოდი გარდამტეხი გამოდგა. თავიდან „შსს-აკადემია“ 12 ქულით დაწინაურდა (56:44), თუმცა დარენ მურის სამქულიანის და სტეფან მილოშევიჩის სედეგიანი ფარქვეშა თამაშის წყალობით ოლიმპელებმა 9:0 გაქცევა მოაწყვეს და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 53:56. შსს-ს მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო და მოედანზე დაბრუნებულმა აკადემიელებმა თამაში გამოასწორეს. ბენჯამინ რეიმონდმა, რომელიც მანამდეც შედეგიანად თამაშობდა, ოლიმპელებს ფარქვეშ პრობლემები შეიქმნდა. რეიმონდის ათამაშებამ სამე გაუიოლა კირეკ არჩიბეკს და შსს-მ გადამწყვეტი მეოთხედის წინ 8-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს – 62:54.
 
ბოლო პერიოდში ოლიმპელებმა მეტოქეზე კიდევ ერთხედ მიიტანეს იერიში და დარენ მურისა და მიხეილ ბერიშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით, თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ჩამორჩენა კვლავ 3 ქულამდე შეამცირეს – 62:65. აკადემიელებმა უპირსატესობა მაინც არ დათმეს. ილია ლონდარიძის, არჩიბეკის და ვასილის კუნასის ქულებით „შსს-აკადემიას“ ლიდერობამ კვლავ 10 ქულას მიაღწია და დარჩენილ დროში ოლიმპელებს წარმატების შანსი გადაეწურათ.
 
ჩემპიონებს 22 ქულით და 12 მოხსნით კირკ არჩიბეკმა ულიდერა. 21 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა ბენჯამინ რეიმონდმა, დენოტა ვონის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. 8-8 ქულით აკადემიელებს მერაბ ბოქოლიშვილი და ილია ლონდარიძე შეეშველენ. „ოლიმპის“ შემადგენლობაში 25 ქულით და 7 მოხსნით სტეფან მილოშევიჩი გამოირჩა, 17-17 ქულა დააგროვეს დარენ მურმა და მიხეილ ბერიშვილმა.
 
სუპერლიგის სეზონი 29 მაისს ფინალისტების სასუპერთასო მატჩით დასრულდება: „შსს-აკადემია“ და „ოლიმპი“ ერთმანეთს  სეზონის ბოლო ტიტულს შეეცილებიან.