შსს ამერიკელი ტროი კოტონით გაძლიერდა

შსს ამერიკელი ტროი კოტონით გაძლიერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, რომელიც ისედაც ითვლება კარსმომდგარი სეზონის ერთ–ერთ ფავორიტად, კიდევ უფრო გაძლიერდა. არჩილ ჟღენტის გუნდმა 188–სანტიმეტრიანი ამერიკელი გამთამაშებელი, ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA) ერთ–ერთი წარმატებული მოთამაშე, ვისკონსინის უნივერსიტეტის გუნდ „გრინ ბეის“ ლიდერი, 22 წლის ტროი კოტონი შეიმატა. ახალი მოთამაშე შსს–ს პრეზიდენტმა ლევან მიქაბერიძემ დღეს საზოგადოებას და ჟურნალისტებს წარუდგინა.
 

ტროი კოტონი ორ მეურვეს დაუსხლტდა 
 
შსს–ს აკადემიაში გამართულ დუდუ დადიანის მემორიალისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციას ტროი კოტონიც დაესწრო, რომელსაც საზეიმო ვითარებაში ლევან მიქაბერიძემ შსს–ს 10–ნომრიანი მაისურა გადასცა.
 
„საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემს ახალ გუნდს ჩემპიონობაში და რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაში დავეხმარო – განუცხადა ჟურნალისტებს კოტონმა – მე უკანახაზელი ვარ და შემიძლია როგორც გამთამაშებლად, ისე მსროლელის პოზიციაზე ვითამაშო. გააჩნია, როგორ დავჭირდები ჩემს მწვრთნელს და შესაბამისად გუნდს. ამერიკაში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, სადაც სეზონის განმავლობაში 40–ამდე მატჩის გამართვა მიწევდა…
 
…აქ ძალიან კარგი პირობები და მეგობრული ატმოსფერო დამხვდა. გუნდის წევრები ერთმანეთთან ისე ვართ, როგორც ოჯახის წევრები, ასეთ ვითარებაში ვარჯიში მე ძალიან მსიამოვნებს და ახალ გარემოსთან, ქართულ კალათბურთთან შეგუებას მიიოლებს. კმაყოფილი ვარ შსს–ს გუნდით და მოუთმენლად ველოდები თამაშების დაწყებას, რათა ჩემი წვლილი შევიტანო საერთო საქმეში“.
 
 
შსს–ს პრეზიდენტი ლევან მიქაბერიძე, ახალწვეული ტროი კოტონი და მისი აგენტი, რუბენ კოტონი
 
ტროი კოტონმა „გრინ ბეიში“ 4 სეზონი გაატარა, სადაც ბოლო ორში გუნდის სნაიპერი იყო. მან ბოლო ორ სეზონში ყველა შეხვედრა ხუთეულში ითამაშა და მატჩში საშუალოდ 3 სამქულიანს აგდებდა. მისი საშუალო მონაგარი ბოლო 2 სეზონში 13 ქულა გახლათ და ასეთი სტაბილურობის გამო კოტონი ამ ზაფხულს ნბა–ს გუნდმა „მილუოკი ბაქსმა“ საწვრთნელო შეკრებაზე მიიწვია. 3 თვის განმავლობაში იგი ნბა–ს ამ გუნდთან ვარჯიშობდა, მერე კი შსს–ს ვარიანტი გამოუჩნდა და დღეს იგი საქართველოშია. კოტონი შეუერთდა შსს–ს ისედაც მძლავრ უკანა ხაზს, რომელშიც ტყუპი – დავით და ირაკლი ბერიშვილები, გიორგი ნიკოლაძე და ბესიკ ლეჟავა შედიან.
 

 

გამარჯვებულ კოტონს მავანი გულშემატკივარი დაედევნა
 

ტორი კოტონი ბურთთან ერთად წიგნებთანაც მეგობრობს