შსს–მ მაინც იძალა

შსს–მ მაინც იძალა

როგორც მოსალოდნელი იყო, „ბათუმისა“ და
შსს–ს მეოთხედფინალის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. მთელი თამაშის
განმავლობაში იგრძნობოდა, რომ შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გაირკვეოდა და ასეც
მოხდა.

იყო პერიოდი, როცა ბათუმელებმა მესამე
მეოთხედში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ შსს–მ გაბათილება მოახერხა,
რისი ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ბათუმელთა მოკლე სათადარიგოთა სკამი იყო.

მასპინძლებს არ ჰყავდათ ისეთი ძლიერი
სამარქაფო მოთამაშეები, როგორიც თბილისელებს, ამიტომაც ძირითადი ხუთეულის
მოთამაშეებს ხანგრძლივად უწევდათ მოედანზე ყოფნა. შესაბამისად, მათ პერსონალური
შენიშვნები დაუგროვდათ და მწვრთნელს ხშირად უწევდა დავით იმნაძის და პლასიდე
როდუმტას მოედნიდან გაყვანა.

მართალია, შსს–ს მესამე მეოთხედში 5
პერსონალურის გამო გაუვარდათ გიორგი მარკოიშვილი, მაგრამ თბილისელებმა მას
სათანადო შემცვლელი მოუნახეს. რაც შეეხება ბათუმელი დავით იმნაძის მოედნიდან
გავარდნას, ამ ფაქტს ბათუმელებისთვისლიდერობის დაკარგვა მოჰყვა. თამაშის ბოლო
წუთებმა უაღრესად დაძაბულად ჩაიარა. შსს–მ ბოლო წუთზე მოახერხა 4 ქულით
დაწინაურება, თუმცა მასპინძლებმა ლამის შეუძლებელი შესძლეს. ბესო ლეჟავამ სამიანი
ჩააგდო, შემდეგ კი ტარიელ თავართქილაძემ ჩაჭრა და ლეჟავამ სწრაფ შეტევაში მორიგი 2
ქულა მიითვალა, რითაც ბათუმელები საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე ქულით
დააწუნაურა – 87:86.

აქ კი საკუთარი სიტყვა თქვა გამოცდილმა
დავით ბერიშვილმა, რომელმაც ინდივიდუალური გარღვევა შედეგიანი ორქულიანით
დააგვირგვინა და 88:87 თბილისელების სასარგებლოდ. მასპინძლებს ბოლო შეტევისთვის 12
წამი ჰქონდათ, მაგრამ ლეჟავას შორეული ორქულიანი შსს–ს კალათში არ ჩაეშვა.

მაშ ასე, შსს ნახევარფინალში გავიდა და იქ
რუსთავის „ენერჯი–ინვესტს“ შეხვდება.

მესამე შეხვედრა დასჭირდა სსაუ–სა და „დინამოს“
მეოთხედფინალურ სერიას. დინამოელებმა სერიის მეორე მატჩში მოულოდნელი მარცხი
აგემეს რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულ სსაუ–ს, თუმცა ნამდვილი
სენსაციის მოხდენა ვეღარ მოახერხეს.

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში სსაუ–მ
98:91 დაამარცხა „დინამო“ და ნახევარფინალში გავიდა, სადაც თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება.

ნახევარფინალური სერიები 25 აპრილს
დაიწყება.

 

ბათუმი 87:88 შსს

23:24 30:21
20:25 14:18

 

ბათუმი: მაისურაძე (4), (ლეჟავა 26),თავართქილაძე (13), იმნაძე (22
ქულა, 12 მოხსნა), როდუმტა (12); კეშელავა (8 ქულა, 10 მოხსნა), ნინუა 2

შსს: ი. ბერიშვილი (15), ნიკოლაძე (16), ლაფანაშვილი (12), მარკოიშვილი
(8), ათუაშვილი (14), დ. ბერიშვილი (9), კორკოტაძე (2) , შერმადინი (10), სუხიშვილი (2)

მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი