შვედეთი ძლეულია! საქართველო პირველია!

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. თბილისი. სპორტის სასახლე. 26 აგვისტო
საქართველო 82:72 შვედეთი
17-13 24-22 19-20 22-17
 
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა! იგორ კოკოშკოვის გუნდმა სპორტის სასახლეში 9 ათასი გულშემატკივარის თვალწინ 82:72 დაამარცხა შვედეთის ნაკრები და ამ გუნდთან გასულ წელს განცდილი 2–ქულიანი მარცხისთვის შური ხუთმაგად იძია. საქართველომ შვედეთს პირად შეხვედრებში აჯობა და რაც არ უნდა მოხდეს, პირველ ადგილზე დაასრულებს ჯგუფურ ეტაპს. შვედეთს კი დარჩა ერთი მატჩი ლუქსემბურგელების წინააღმდეგ, მაგრამ ეს შეხვედრა გავლენას ვერ იქონიებს ჯგუფის საბოლოო შედეგებზე.
 
საქართველოს ნაკრებმა შვედეთის 10 ქულით ძლევით თითქმის გაარკვია საკუთარი მეტოქე პლეი ოფში, ანუ A დივიზიონში გადასასვლელ შერკინებაში. საქართველოს მეტოქე ბელარუსი იქნება, თუკი შვედეთმა 29 აგვისტოს ლუქსემბურგს 110 ქულაზე მეტით ვერ მოუგო. მოგეხსენებათ, ეს სხვაობა იმდენად დიდია, რომ სერიოზულად იმაზე ლაპარაკი, რომ შვედეთი ლუქსემბურგს 111 ქულით, ან მეტით მოუგებს, ცოტა უხერხულია. ამას თავად შვედებიც არ ფიქრობენ – სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა, კოსტას ფლავერაკისმა მატჩის შემდეგ თქვა, უძლიერესი გუნდი გყავთ და მჯერა, რომ ბელარუსსაც მოუგებთ და A  დივიზიონში გადახვალთო. ის კი არა, შვედების ბერძენმა თავკაცმა ჩვენი საიტისთვის მიცემული წინა დღის ინტერვიუ გაიხსენა და თქვა, არ ვცდებოდი, როცა ვამბობდი, რომ საქართველოს მონტენეგროს დამარცხებაც შეუძლიაო.
 
ერთი სიტყვით, სასწაული უნდა მოხდეს, რომ ჩვენებმა 5 სექტემბერს ბელარუსიაში არ ითამაშონ, ხოლო 9–ში სლავები თბილისში არ მივიღოთ. საქართველომ შვედეთის ძლევით ხელსაყრელ სიტუაციაში ჩაიყენა საკუთარი თავი – პირველ მატჩს სტუმრად ითამაშებს საშუალო გაქანების ბელარუსის გუნდთან, ხოლო გადამწყვეტ მატჩს თბილისსში, იმედია ისევ 9 ათასი გულშემატკივრის თვალწინ უმასპინძლებს სლავებს.
 
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შვედეთმა დაამტკიცა, რომ თბილისში მხოლოდ მოსაგებად იყო ჩამოსული და მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი შემადგენლობიდან 2 წამყვანი მოთამაშე აკლდათ (იერებკო და ბლომი), ქართველებს ბოლო წუთადმე ტოლ–სწორად ებრძოლენ და როგორც იტყვიან, ღირსეულად დამარცხდნენ.
იგორ კოკოშკოვის გუნდმა თავიდან 6–ქულიანი უპირატესობა კი მოიპოვა (9:3), მაგრამ შვედებმა ჩამორჩენა უმალ ქულამდე შეამცირეს და შემდგომშიც ასე კატა–თაგვობანასავით თამაში გაგრძელდა. ანუ ქართველები მოიწადინებდნენ, ოდნავ დაწინაურებას მოახერხებდნენ და შემდეგ სტუმრების ჯერი დგებოდა. კოკოშკოვის გუნდმა ვერა და ვერ მოახერხა 10–ქულიანი ზღვრის გადალახვა. ამის ყველაზე რეალური შანსი მეორე მეოთხედის ბოლოსკენ ჰქონდა, როცა სხვაობა 9 ქულა იყო და ჩვენები სწრაფ პირველ შეტევაში გაიქცნენ. ფარქვეშ შეჭრილმა ტაირონ ელისმა, რომელიც საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხელსაყრელი სიტუაციიდან გააცუდა, ხელს რომ არავინ უშლიდა, დასანანად ააცილა და დანავსული 10–ქულიანი ლიდერობა ისევ მიუწვდომელი დარჩა ჩვენიანთათვის. ჰოდა, როგორც თავში ვთქვით, ისევ შვედების ჯერი დადგა და საქართველოს საპირველტაიმოდ მხოლოდ 6–ქულიანი ლიდერობა შერჩა.ხელსაყრელი სიტუაციიდან აცილება ვახსენეთ და ქართველებმა არაერთი ასეთი შეცდომა დაუშვეს. ფარქვეშიდან ხშირად აცუდებდნენ ქართველები, ხოლო საჯარიმოებს თავიდან ძალიან ცუდად ესროდნენ.
 მესამე მეოთხედი ძალიან სანერვიულო გამოდგა. შვედები მოგვეწეპნენ და ქართველებს დაწინაურების საშუალებას არ აძლევდნენ. კოკოშკოვის გუნდი შვედების მწყობრ დაცვას შეეჯახა და კომბინაციური თამაში ძველებულად კარგად აღარ გამოსდიოდა. ზაზა ფაჩულია შედარებით ინერტული იყო და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი შერმადინი გამოჩნდა, რომელმაც 2 მეტად საჭირო ორქულიანი მიუთვალა ჩვენიანებს. თუმც ყველაზე კრიტიკულ მომენტში გიორგი ცინცაძის ინდივიდუალურმა ოსტატობამ გვიშველა – „ბუმ“ ჯერ სამქულიანი ჩააგდო, რასაც უმალ შედეგიანი გარღვევა მოაყოლა და ქართველებმაც ამოისუნთქეს.
 
ბოლო მეოთხედი ქართველების 5–ქულიანი ლიდერობით განახლდა, მაგრამ ეს უპირატესობა არაფერი იყო, რადგან შვედებს მოულოდნელად გამოადგათ იონათან სკიოლდებრანდი, რომელიც აქამდელ მატჩებში სნაიპერობით არ გამოირჩეოდა, ჩვენებთან კი, რომ იტყვიან, თავი გაიგიჟა და 4 სამქულიანი ჩააგდო. სკიოლდებრანდისა და მატს ლევინის შემწეობით შვედები ბოლო წუთებამდე უძალიანდებოდნენ ჩვენებს, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა. ზაზა ფაჩულიამ მოახერხა უშუალო მეურვის, იოაკიმ კიელბომის მოშორება, რომელიც 5 პერსონალურის გამო მოედნიდან გავარდა. მის არყოფნაში ზაზამ შვედების სამწამიანში გაილაღა და 2 უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო, რის შემდეგაც ქართველები 6 ქულით დაწინაურდნენ – საფინალო სირენამდე კი წუთნახევარი რჩებოდა.
ვიქტორ სანიკიძეც კარგად შეეშველა ფაჩულიას, ხოლო ვლადიმერ ბოისამ კრიტიკულ მომენტში აუღელვებლად ჩააგდო საჯარიმოები. ბოლო წუთი მთლიანად ქართველების დომინირებით წარიმართა და ტაირონ ელისის 4 ზუსტი საჯარიმოს შემდეგ საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა – 82:72.
 
 
 

 
 

ვიქტორ სანიკიძე შვედების კალათში ბურთს აჭედებს
 

სანიკიძის მორიგი ჩატენვა
 

ზაზა ფაჩულიამ (ბურთით) ქართველებს უდიდესი სარგებელი მოუტანა ფარქვეშ
 

გიორგი ცინცაძის მორიგი გარღვევა
 

ზაზა ფაჩულია
 

ასეთი სავსე და ერთსულოვანი სპორტის სასახლე კარგა ხანია, აღარ გვინახავს
 

საქართველომ გაიმარჯვა!
 

საქართველოს ნაკრების გამარჯვების ყიჟინა