შვედეთი – საქართველო: წინასამატჩო ამბები

დღეს, თბილისის დროით 21 საათზე, შვედეთის ჩრდილოურ ქალაქ უმეოში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სერიოზული გამოცდა ელის. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი წრის ბოლო მატჩში იგორ კოკოშკოვის დამოძღვრილი ქართველები შვედეთის ნაკრებს ეთამაშებიან და თუკი გამარჯვებას მოახერხებენ,  პირველ ადგილს ხომ განიმტკიცებენ და ჯგუფიდან გასვლაზე სერიოზულ განაცხადს გააკეთებენ.
 
შვედეთსაც და საქართველოსაც აქამდელი საკვალიფიკაციო მატჩები მოგებული აქვთ, თუმც კოკოშკოვის გუნდმა უფრო დამაჯერებლად დათრგუნა მეტოქეები, ვიდრე ეს სკანდინავიელებმა მოახერხეს. თუმცა ამას დღეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც უკეთ იქნება მომზადებული, გამარჯვებაც მას დარჩება.
 
 
ტაირონ ელისს შვედები უფრთხიან
 
ქართულ–შვედურ დაპირისპირებებში ჯერჯერობით სკანდინავიელები ლიდერობენ. აქამდე სამი მატჩი გამართულა და 2 შვედებს მოუგიათ. 1997 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სკანდინავიელებმა ქალაქ უპსალაში დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს ქართველები – 89:85, ხოლო საპასუხო შეხვედრაში, რომელიც თბილისში ერთი წლის შემდეგ გაიმართა, შვედებმა დამაჯერებლად იმარჯვეს – 82:59. ქართველებმა რევანში 2004 წელს, იტალიის ქალაქ სან ჯორჯოში აუღეს შვედებს, როცა ამხანაგურ მატჩში 91:81 დაამარცხეს. მაშინ სკანდინავიელები A დივიზიონის ბინადარნი იყვნენ.
 

შვედების ლიდერი იონას იერებკო
 
მასპინძლები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან დღევანდელ მატჩს, რაც მათი მწვრთნელების და შვედი ჟურნალისტების გამონათქვამებიდნაც კარგად ჩანს:
„ურთულესი მატჩი გველის, ჩვენი გუნდი B დივიზიონის ფავორიტ საქართველოს დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრების მსგავსად, ქართველებსაც ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ და ისინიც A დივიზიონში ასვლას გეგმავენ. მათ ჩვენს დივიზიონში ერთ–ერთი ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავთ. ზაზა ფაჩულია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ტაირონ ელისი და სხვანი. შვედებმა რომ ისინი შეაჩერონ, უმაღლესი დონის კალათბურთი უნდა ითამაშონ“ – წერს ერთ–ერთი შვედური ვებ–გვერდი.
 
სკანდინავიელთა ერთ–ერთმა მწვრთნელმა იოჰან ლინდმა კი ესეთი კომენტარი გააკეთა: „სასიამოვნოა, როცა ისეთი დონის ნაკრებს ხვდები, როგორიც საქართველოა. ჩვენმა მეტოქემ სამივე მატჩი უდანაკარგოდ ჩაატარა და შვედეთშიც მხოლოდ მოსაგებად ჩამოვიდა. ქართველებს კარგად ვიცნობთ, ისინი 5 კალათბურთელს კი აღარ ეყრდნობიან უწინდელივით, ახლა მათ 7–8 ძლიერი კალათბურთელი ჰყავთ და ამიტომაც არიან საშიშნი. სიმაღლეც არ აკლიათ, მაგრამ ეს კი არა, ქართველების სიძლიერე  უფრო გვაფიქრებს. ყოველივე ამის მიუხედავად, ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ და საქართველო შვედეთიდან წაგებული გავისტუმროთ“.
 
დღეს შვედეთში ჩვენი ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ გუნდში არსებული წინასამატჩო განწყობის გასაგებად:
– ჩვენ ყველანაირად ვართ მომზადებულნი, გუნდში საბრძოლო განწყობაა და შვედებთან მატჩს ყველა იმედიანად უყურებს. აქ საკმაოდ ცივა და რამდენიმე მოთამაშე ცოტა გაცივდა, მაგრამ სერიოზული არაფერია, მატჩისთვის ყველა მწყობრში იქნება…
 
– ვიქტორ სანიკიძეს მუხლი აწუხებდა, მაგრამ გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა და დღეს მოედანზეც იქნება. რაც აქ ვართ, უკვე მესამედ ვივარჯიშეთ იმ დარბაზში, დღეს რომ უნდა ვეთამაშოთ შვედებს, ერთხელ კი სატრენაჟოროშიც დავტვირთეთ ბიჭები. ვუყურეთ შვედეთის ირლანდიასთან ჩატარებულ მატჩს და მეტოქის სათამაშო ტაქტიკაზე წარმოდგენა შევიქმენით. მათ კარგი მესამე ნომერი ჰყავთ, რომელიც წარმატებით ესვრის შორიდან. საკმაოდ დაბალანსებული გუნდია და რთული ბრძოლაც გველის. მთავარ აქცენტს დაცვაზე გავაკეთებთ…
 
– შვედები კარგად დაგვხვდნენ, ხოლო პრესა საკმაო ინტერესს იჩენს: სასტუმროში მოვიდნენ და ინტერვიუები ჩამოგვართვეს…
 
– შანსებს თანაბრად შევაფასებდი იმის მიუხედავად, რომ ბევრი ევროპელი სპეციალისტი თუ ტოტალიზატორი საქართველოს ანიჭებს უპირატესობას. შვედეთი A დივიზიონიდან ჩამოსული გუნდია და მათთან სტუმრად თამაში რთული იქნება. შეხვედრა დაიწყება და გამოჩნდება ყველაფერი, წინასწარ რამის თქმა ძალიან ძნელია.