2 დღის წინ იყო, 17 წლის თორნიკე შენგელიას დებიუტი რომ შედგა ესპანეთის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდ “პამესას” ძირითად გუნდში. წუხელ კი მისი წლოვანების მეორე ქართველმაც დააჭაშნიკა ევროპის ბობოლა კლუბი – ნიკა მეტრეველმა ძველი კონტინენტის საუკეთესო საკლუბო ტურნირ ევროლიგაში იტალიური “სიენას” ღირსება დაიცვა. ის აქამდე სისტემატიურად თამაშობდა სიენელთა ახალგაზრდულ გუნდში და შესანიშნავადაც ირჯებოდა, ჰოდა, კლუბის მწვრთნელმა მას ძირითად შემადგენლობაშიც მისცა შანსი.
რა თქმა უნდა, არავინ ელოდა, რომ 17 წლის მეტრეველი დიდ ხანს ითამაშებდა და ასე არც მომხადა – თავად ფაქტი, რომ მას ევროლიგის გასვლით მატჩში მოედანზე შესვლის უფლება მისცეს, უკვე მრავლისმეტყველია. “სიენა” საფრანგეთში შეხვდა “ნანსის” და 103:79 იმარჯვა, მეტრეველმა კი ბოლო 4 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 2 ორქულიანი და ერთიც სამიანი ააცილა. მან 1 ბურთის მოხსნა მოახერხა, ისიც მეტოქის ფარზე. სხვათა შორის, ამას წინათ პანათინაიკოსელი გიორგი შერმადინის ევროლიგური დებიუტიც “ნანსისთან” შედგა.
“სიენა” 10 თამაშიდან 8 გამარჯვებით მეორე ადგილზეა და ჯგუფიდან გასასვლელი საგზურიც თითქმის განაღდებული აქვს.
ნიკა მეტრეველი