გუშინ თბილისის მერიის თასის უცხოელი მონაწილეები ჩამოვიდნენ. საქართველოს დედაქალაქს გამთენიისას ეწვივნენ ლატვიისა და ესტონეთის ნაკრებები, ხოლო ტურნირის ფავორიტი იტალიის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 16:00 საათზე დაეშვა.
იტალიელებს აეროპორტში რამდენიმე ქომაგი დახვდა, რომლებმაც ნბა-ს მოთამაშეებთან და ევროპული კალათბურთის ვარსკვლავებთან – მარკო ბელინელისთან, ანდრეა ბარნანისთან და დანილო გალინარისთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
იტალიის ნაკრებმა სპორტის სასახლეში საღამოს 9 საათზე ივარჯიშა, მანამდე კი გუნდის წევრებმა თბილისის ძველი უბანი დაათვალიერეს და პირველი, რაც იტალიელთა პრეს-ატაშემ, ფრანჩესკო ანტონიომ აღნიშნა, ღვინის მაღაზიების სიჭარბე იყო. ფრანჩესკო, „სკუადრა აძურას“ თავკაც სიმონე პიანიჯანისთან ერთად სპორტის სასახლის ადმინისტრაციულ შესასვლელთან გაშენებულ ვაზსაც გულისწურით ათვალიერებდა – სანამ გუნდის წევრები სასახლის ფოიეში მიმოდიოდნენ და ლატვიელთა ვარჯიშის დასრულებას ელოდებოდნენ. ვარჯიშის დაწყებამდე იტალიელთა მთავარ მწვრთნელ სიმონე პიანიჯანის გავესაუბრეთ…
– სასიამოვნოა აქ ჩამოსვლა. ჩვენს ინტერესს ისიც აძლიერებს, რომ თბილისის ტურნირი იქნება იტალიისთვის პირველი რეალური გამოცდა, რადგან ნბა-ს მოთამაშეები გასულ კვირას შემოგვიერთდნენ და მთლიანი გუნდით პირველ ტესტს ვაბარებთ. საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს, სტუმრად ვთამაშობთ და ამ მატჩებში კარგად გამოჩნდება ის დეტალები, რაზე მუშაობაც და რისი გამოსწორებაც ევროპის ჩემპიონატამდე გვმართებს.
– საქართველოში 16 კალათბურთელით ჩამოხვედით, ევროპის ჩემპიონატზე კი 12 მათგანით მიემგზავრებით. თბილისის ტურნირის შემდეგ ხომ არ აპირებთ მათ შეკვეცას?
– არა, 16 მოთამაშით ვიქნებით ბოლომდე, ანუ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე და გადაწყვეტილებას, თუ ვინ წავა ევრობასკეტზე, აგვისტოს ბოლოს მივიღებ. გუნდში ყველა ის კალათბურთელია, რომლებიც იტალიაში საუკეთესოდ ითვლება. კონკურენცია დიდია და სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდებით თითოეულის შესაძლებლობებში, სახლში არავის გავუშვებთ.
– რას იტყვით საქართველოზე, ქართველ კალათბურთელებზე?
– სპორტული თვალსაზრისით რა უნდა ვთქვა, აქ ჩვენ ქართველებთან საომრად და 2 ქულის მოსაპოვებლად არ ჩამოვსულვართ. საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც ტურნირის სხვა მონაწილეები კარგი სპარინგ-პარტნიორები არიან და ჩვენ მათთან თამაშით ბევრ სარგებელს მივიღებთ. ქართველ კალათბურთელებს რაც შეეხებათ, რა თქმა უნდა, ვიცნობ მათ, რომლებიც იტალიაში, ევროპაში თამაშობენ. საკმაოდ მაღალი დონისანი არიან.
– რა ამბიციით მიდიხართ ევროპის ჩემპიონატზე, მით უფრო, რომ წინა ჯერისგან განსხვავებით, ამჯერად ყველა საუკეთესო მოთამაშე ნაკრებშია?!
– წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. ჩვენ ევრობასკეტის ყველაზე ძლიერ ჯგუფში ვართ, სადაც ესპანეთი, სერბეთი, მასპინძელი გერმანიაა. რთულია ამბიციებზე ლაპარაკი, როცა ასეთი ძლიერი მეტოქეები გელის. ჩვენი მიზანი პირველი ეტაპის დაძლევაა და თუკი ამას მოვახერხებთ, შედეგზე მერე ვიფიქრებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფიდან გასვლაზე ვფიქრობთ. ერთი მომენტიცაა: ჯგუფურ ეტაპზე 6 დღეში 5 მატჩის ჩატარება გვიწევს და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რა მოხდება, რთული სათქმელია.
ასე დაასრულა საუბარი სენიორე პიანიჯანიმ და სასწრაფოდ სპორტის სასახლის შენობაში შევიდა, მისი შეგირდები უკვე მოედანს იკავებდნენ. ვარჯიში ფიზმომზადების მწვრთნელმა გახსნა, რომელმაც კალათბურთელების მოთელვას საკმაო დრო დაუთმო, შემდეგ სროლები და კომბინაციებზე ვარჯიშებს კიდევ ერთი მწვრთნელი გაუძღვა. მთავარი მწვრთნელი მოედანზე მიმდინარე ამბებში მონაწილეობას თითქმის არ იღებდა. ის მხოლოდ უყურებდა – რომ იტყვიან, სიტუაციას აკონტროლებდა.
ასე დასრულდა იტალიელთა პირველი დღე თბილისში. 14 აგვისტოს სკუადრა აძურა ლატვიას 20:30 შეხვდება – მანამდე კი, 18:00 საათზე საქართველო – ესტონეთია.
იტალიის ეროვნული ნაკრები
მოთამაშე
სიმაღლე
გუნდი
პიეტრო არადორი
194
რეჯიო ემილია
ანდრეა ბარნანი
213
ბრუკლინი, აშშ, ნბა
მარკო ბელინელი
196
საკრამენტო, აშშ, ნბა
რიკარდო ჩერვი
214
აველინო
ანდრეა ჩინჩირინი
193
ემპორიო არმანი
მარკო კუზინი
211
ვანოლი
ლუიჯი დატომე
201
ფენერბაჰჩე, თურქეთი
ამადეო დელა ვალე
194
რეჯიო ემილია
დანილო გალინარი
205
დენვერი, აშშ, ნბა
ალესანდრო ჯენტილე
201
ემპორიო არმანი
დანიელ ჰაკეტი
197
ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი
ნიკოლო მელი
205
ბამბერგი, გერმანია
დავიდე პასკოლო
202
ტრენტო
ჯუზეპე პოეტა
191
ტრენტო
აჩილეპოლონარა
203
რეჯიო ემილია
ლუკა ვიტალი
201
ვანოლი
მწვრთნელთა შტაბი
სიმონე პიანიჯანი
მთავარი მწვრთნელი
ლუკა დალმონტე
ასისტენტი
მარიო ფიორეტი
ასისტენტი
მარკო ესპოზიტო
ასისტენტი