რამდენიმე დღის წინ ქართველების გამხარებელი სლოვაკეთი თბილისშია – მილან ჩერნიცკის გუნდი წუხელ ღამის 1 საათზე ჩამოფრინდა და მეტეხის უბანში მდებარე სასტუმრო „GTM-kapan”-ში დაბინავდა.
სლოვაკები იმიტომ არიან ჩვენი გამხარებლები, რომ 2 დღის წინ შვედეთში მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და საბოლოოდ 6 ქულით დამარცხდნენ, რითაც სკანდინავიელებს ბურთების შეფარდების გაუმჯობესებაში ხელი გვარიანად შეუშალეს. მეორეს მხრივ, სლოვაკთა ასეთი ბრძოლისუნარიანობა ჩვენთვისაა დასაფიქრებელი – თუკი ჩრდილოეთში ასე იბრძოლეს სლავებმა, მათგან თბილისშიც იგივეა მოსალოდნელი. თანაც სლოვაკებს თითქმის მთლიანად გაახალგაზრდავებული შემადგენლობა ჰყავთ შარშანდელთან (როცა 23 ქულით დავამარცხეთ) შედარებით და თავისთავად ცხადია, რომ თითოეული მატჩის შემდეგ გამოცდილებით იხუნძლებიან.
საჩვენო მომენტია ის, რომ სლოვაკეთი ისე ჩამოვიდა შვედეთიდან, შინ არ დაბრუნებულა. 4 დღეა, გზაში ვართ, შვედეთიდან ლატვიაში ჩავედით და იქიდან პირდაპირ თბილისში გადმოვფრინდითო – დაიჩივლა მათი დელეგაციის ხელმძღვანელმა, რომელიც სლოვაკთა ინგლისურის ვერმცოდნე მთავარ მწვრთნელთან, მილან ჩერნიცკისთან გასაუბრებაში დამეხმარა:
სლოვაკეთის მთავარი მწვრთნელი მილან ჩერნიცკი
– რას იტყვით თქვენს ბოლო მატჩზე, რომელიც შვედეთთან ჩაატარეთ?
– მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოგების რეალური შანსი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ფავორიტებად ითვლებოდნენ და თამაშის განმავლობაში 18 ქულითაც დაწინაურდნენ, ბოლო მეოთხედში მოვახერხეთ ჩამორჩენის გაბათილება და მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ…
– რა აზრის ხართ ჩვენს ჯგუფში შექმნილ ვითარებაზე?
– მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვფიქრობდი, ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნებოდა, ორი გუნდის უპირატესობა პირველივე წრის შემდეგ გამოიკვეთა. შვედეთი და საქართველო 1–2 ადგილებს გაინაწილებენ, თუმც მე მჯერა, რომ პირველები თქვენ იქნებით. თუმცა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან სავარაუდოდ პლეი ოფში გავა ჩვენს ჯგუფში მეორე ადგილის დამკავებელიც. თქვენ შვედებს 1 ქულითაც რომ მოუგოთ, მათზე წინ იქნებით პლეი ოფში. ვფიქრობ, ასეც იქნება – საქართველო რეალურად ძლიერი გუნდია, ვიდრე შვედეთი.
– კი, მაგრამ მხოლოდ შვედეთის დამარცხება არ იკმარებს – თქვენი გუნდიც უნდა დავამარცხოთ.
– ამის პირობას ნამგვილად ვერ მოგცემთ. ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ, შემადგენლობა თითქმის მთლიანად გაახალგაზრდავებულია და თითოეულ მატჩს მომავალი ციკლისთვის მოსამზადებლად განვიხილავთ. ჩვენი მიზანია, გამოცდილების მიღება და მიხარია, საამისოდ ისეთ ძლიერ მეტოქესთან რომ გვიწევს ბრძოლა, როგორიც საქართველოა. ჩვენი გუნდი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ითამაშებს და ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ მოედანზე. დამარჩენი თამაშის ბოლოს გამოჩნდება.
სლოვაკეთის ნაკრების განაცხადი ხვალინდელი მატჩისთვის:
4 იგორ მაიოროში
5 ანტონ გაველი
6 სტანისლავ ბალდოვსკი
7 მარეკ კოზლიკი
8 მარეკ ჩერვენკა
9 დანიელ ნოვაკი
10 მარტინ სიკორა
11 მიხალ ბატკა
12 გაბრიელ სზალაი
13 მარტინ მიკლოშიკი
14 პეტერ რერკო
15 რიცჰარდ გრჩნარი
მთავარი მწვრთნელი – მილან ჩერნიცკი
ასისტენტები – ივან რუდეჩი, იან კრაინაკი
სლოვაკები აეროპორტში