სლოვენია – საქართველო. მატჩისშემდგომი კომენტარები

სლოვენია – საქართველო. მატჩისშემდგომი კომენტარები

სლოვენიისა და საქართველოს მატჩის შემდეგ შეხვედრის მონაწილე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – არ ვფიქრობ, რომ ცუდად ვითამაშეთ. მართალია, მატჩი წავაგეთ, მაგრამ მე მომეწონა ჩვენი ბიჭების შემართება და მობილიზება, რაც ჰოლანდიასთან დასანანი მარცხის შემდეგ გამოიჩინეს. ეს იყო ნათელი წერტილი ჩვენს თამაშში და იმედი მაქვს, მომავალ მატჩებს კიდევ უფრო მეტი ბრძოლის ჟინით შევხვდებით. სლოვენია ძლიერი გუნდია, ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული, რომლებსაც დიდი მომავალი აქვს. ამ მატჩისთვის ვემზადებოდით და რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, მაგრამ სლოვენიელებს შორი სროლა წაუვიდათ, მათ სამქულიანების ძალიან მაღალი პროცენტი ჰქონდათ.
– რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას თამაშს, ის გუნდის კაპიტანი და ლიდერია, რომლის მოვალეობა არაა ყოველთვის ბევრი ქულები ჩააგდოს. ზაზა დღეს ბევრს ბრძოლობდა, ის ძალიან აგრესიული იყო, რაც მსაჯებმა არ აპატიეს და მოედნიდან ნაადრევად გავიდა.
ვიქტორ სანიკიძე:
– ვიცოდით, რა გუნდთანაც ვთამაშობდით და საგანგებოდაც ვემზადებოდით. წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთეთ, ვიბრძოლეთ და ვიომეთ, მაგრამ სლოვენიელთა შორ სროლებს ვერაფერი მოვუხერხეთ. მიუხედავად დამარცხებისა, ჩვენ არ ვნებდებით და ვემზადებით იმ 3 მატჩისთვის, რომელიც ჯგუფში სათამაშო დაგვრჩა.

იგორ კოკოშკოვი და ვიქტორ სანიკიძე
მანუჩარ მარკოიშვილი:
– დაკარგული არაფერია, წინ კიდევ უფრო საპასუხისმგებლო მატჩები გველის და ჩვენი მთელი ყურადღებაც ამ შეხვედრებისკენაა მიმართული. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მომდევნო მატჩებში წარმატებას მივაღწოთ და ჯგუფიდან გავიდეთ.
იურე ზდოვცი, სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
– ეს არ იყო იოლი გამარჯვება. მიზნის მიღწევას ისიც ართულებდა, რომ უთუოდ გამარჯვების მოპოვება გვესაჭიროებოდა. ასევე იყო მეტოქეც, რომელსაც ჩვენსავით პირველი შეხვედრა წაგებული ჰქონდა. ბოლო პერიოდში მეტოქე გავტეხეთ და უპირატესობა 22 ქულამდე გავზარდეთ, რის შემდეგაც თამაში შევწყვიტეთ და მეტოქემ ამით ისარგებლა, ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა გამარჯვება მაიც ჩვენ დაგვრჩა. ვულოცავ ჩემს გუნდს ამ მნიშვნელოვან მოგებას.
კლემენ პრეპელიჩი, სლოვენიის ნაკრების კალათბურთელი:
– ვულოლოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, რაც გუნდური თამაშით მოვიდა. დაცვაში სიტუაციას ვაკონტროლებდით და მეტოქეს საბოლოოდ მხოლოდ 68 ქულა ჩავაგდებინეთ. ეს კარგი დაცვის შედეგია, რამაც შეტევაში გზა გაგვიხსნა და შორი სროლებიც ჩავაგდეთ.

იურე ზდოვცი და კლემენ პრეპელიჩი