სლოვენიამ საქართველო 79:68 დაამარცხა

სლოვენიამ საქართველო 79:68 დაამარცხა

ჰოლანდიასთან წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის საქმე უკიდურესად გაირთულა. დღის წესრიგში დადგა ჩვენი ჯგუფის რომელიმე მძლავრი წევრის დამარცხება და უპირველესად ასეთად სლოვენია შეიძლება მიჩნეულიყო, რადგან ერთი რომ ამ ნაკრებს ლიდერები აკლია, თანაც სლოვენიასთან ქართველებს წინა ევრობასკეტის მატჩი დამაჯერებლად ჰქონდათ ჩატარებული და ბრძოლაში, ბოლო წუთებზე 4 ქულით წაგებული.
შესაბამისად, საქართველოს რეალურად შეეძლო გამარჯვებაზე ფიქრი და ეს პირველმა მეოთხედმაც გამოაჩინა. ქართველები ტოლს არ უდებდნენ 3000 თანამემამულის მხურვალე შეძახილებით გამხნევებულ სლოვენიელებს. 5 წუთის შემდეგ ანგარიში 5:5 იყო, თუმცა შემდეგ სლოვენიელებმა მაინც მოახერხეს მიზნის გასწორება და 3 სამქულიანის წყალობით 17:11 დაწინაურდნენ, თუმცა გიორგი შერმადინის საჯარიმეობით ჩამორჩენა მეოთხედის ბოლოს 4 ქულით შემცირდა – 13:17 შემცირდა.

მეორე პერიოდიდან სლოვენიელებმა სისწრაფეს მოუმატეს, მაგრამ გარღვევებს ვერ ახორციელებდნენ და სწრაფად გათამაშების შემდეგ შორი სროლებით გამოირჩნენ – კლობუჩარმა, პერპელიჩმა და ბალაიჩმა სამქულიანებით უპირატესობა 26:15 გაზარდეს. სლოვენიელთა ლიდრობამ პირვეად მიაღწია და გადააბიჯა 10 ქულას. დიდ შესვენებამდე  დარჩენილ დროში კლემენ პრეპელიჩმა კიდევ 2 სამქულიანი ჩააგდო და სლოვენიამ ლიდერობა 13 ქულამდე გაზარდა – 32:19. ამ ეპიზოდში გააქტიურდა თორნიკე შენგელია, რომლის შედეგიანობასაც როგორც შეტევაში, ისე დაცვაში სხვაობის 10 ქულამდე შემცირება მოჰყვა – 32:22. მეორე პერიოდის დარჩენილ 3,30 წუთში სლოვენიელებმა აქტიური თამაშით მოახერხეს ქართველების დაცვის მოსუსტება, ამას დაერთო ზაზა ფაჩულიას მე-4 პერსონალური, რაც უკვე დიდ უპირატესობას აძლევდა ჩვენს მეტოქეს.
სლოვენიელებს ერთმა შემთხვევამ გაუმართლათ. მეორე პერიოდის დასაწყისშივე მე-3 პერსონალური მიიღო და მოედნიდან გავიდა გუნდის ლიდერი და ძირითადი გამთამაშებელი ზორან დრაგიჩი, რომლის არყოფნაში სათადარიგო უკანახაზელმა კლემენ პრეპელიჩმა ფრთები გაშალა. კლემენმა მეორე ათწუთეულში 14 ქულა ჩააგდო და დიდი შესვენებისთვის შთამბეჭდავი სტატისტიკა დაუგროვდა. 19 ქულა, 4-დამ 4 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო და 1-დან 1 ორიანი. სწორედ სამქულიანები იყო ის, რის ხარჯზეც სლოვენიელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. პირველ ტაიმში მეტოქემ 8 სამიანი ჩააგდო, ქართველებმა კი – მხოლოდ ერთი. შესაბმისად, დიდ შესვენებაზე სლოვენია უკვე სოლიდურად იგებდა – 41:26.
მესამე მეოთხედი თანაბარი გამოდგა. ანგარიშში სხვაობა 15 ქულას ხან სცდებოდა, ხანაც 12-ამდე მცირდებოდა. ზემოთ ნახსენები პრეპელიჩი კი გაანეიტრალეს, მაგრამ ახლა იაკა კლობიჩარმა გაისწორა სამიზნე, რომელმაც უქულო პირველი მეოთხედის შემდეგ მეორე და მესამე პერიოდებში 15 ქულა ჩააგდო. მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა. კლობუჩარის ზუსტი 3 საჯარიმოს შემდეგ სლოვენიელთა უპირატესობა 17 ქულმდე გაიზარდა – 65:48 ბოლო მეოთხედის წინ.
ერთ მეოთხედში 17 ქულის გაბათილება ჩვეულებრივი ამბავია და ხშირადაც მომხდარა, თუმცა არა ისეთ გამოცდილ და ტრიბუნების უდიდესი მხარდაჭერის მქონე გუნდთან, როგორიც სლოვენიაა. ქართველებმა ჩამორჩენა 15 ქულამდე შეამცირეს, როცა დასრულებამდე კიდევ 7 წუთი იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს პერსონალურების ლიმიტის გამო გავარდა მოედნიდან ზაზა ფაჩულია და იურე ზდოვცის გუნდმა მოპოვებული სოლიდური უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. მართალია, დიდი მონდომების ხარჯზე ქართველებმა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ეს იყო ჩვენი ნაკრების მაქსიმუმი. საბოლოოდ სლოვენიელებმა ევრობასკეტზე პირველი გამარჯვება იზეიმეს – 79:68. 
ხვალ, 7 სექტემბერს ზაგრების ჯგუფში დასვენებაა, 8-ში კი ჩვენები C ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ საბერძნეთს ხვდებიან.
 
ევროპის ჩემპიონატი. C ჯგუფი.ზაგრები. 6 სექტემბერი სლოვენია 79:68 საქართველო17:13, 24:13,  24:22, 14:20
სლოვენია: იოკსიმოვიჩი, რუპნიკი, პრეპელიჩი 21, ბლაჟიჩი 12, ნიკოლიჩი, ზ. დრაგიჩი 7, ჟუპანი 3, ბალაჟიჩი 7, ომიჩი 6, კლობუჩარი 20, სლოკარი 3საქართველო: ცინცაძე 11 ქ, 7პ, მარკოიშვილი 6, სანიკიძე 10, შენგელია 21, ფაჩულია 3; პულენი 4, შერმადინი 11, სანაძე, პაცაცია, ბურჯანაძე 2
სრული სტატისტიკა: 79:68
ფოტოგალერეა: 28 ფოტო