სლოვენიამდე მისასვლელი გზა საქართველოსთვის თბილისში იწყება

სლოვენიამდე მისასვლელი გზა საქართველოსთვის თბილისში იწყება

დღეს, 19 საათზე, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, თუ რა გზა უნდა გაიაროს იგორ კოკოშკოვის გუნდმა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდეს, რომელსაც 2013 წლის 4-22 სექტემბერს სლოვენია უმასპინძლებს.
დავიწყოთ იმით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 24 ნაკრები მონაწილეობს, სადაც 8 ადგილი უკვე დაკავებულია. ევრობასკეტ 2013-ის საგზურები იმ გუნდებს ერგოთ, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადაზე და მის  შესარჩევ ტურნირში მონაწილეობდნენ. ესენი არიან: საფრანგეთი, ესპანეთი, რუსეთი, საბერძნეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი და მაკედონია. ამ გუნდებმა თავის მხრივ ოლიმპიადაზე და მის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება წინა, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს,  რომლებიც ლიტვაში გამართული კონტინენტის პირველობაზე საუკეთესო 6 გუნდში მოხვდნენ. დიდი ბრიტანეთის ნაკრები 2011 წელს ვერც საუკეთესო ექვსეულში მოხვდა და არც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მიუღია მონაწილეობა. ბრიტანელები, როგორც გასული ოლიმპიადის მასპინძლები და მონაწილეები, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე პირდაპირ დაუშვეს. ამ 7 ნაკრებს ემატება სლოვენია, რომელიც ევრობასკეტ 2013-ის მასპიძელია.
როგორც ნახეთ, ევროპის ჩემპიონატის 8 ადგილი უკვე დაკავებულია და ბრძოლა დარჩენილი 16 საგზურისთვის მიმდინარეობს. შესარჩევი ტურნირი 15 აგვისტოს დაიწყო (პირველ ტურში საქართველო ისვენებდა) და 11 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში საქართველო 8 მატჩს გამართავს და წარმატების შემთხვევაში ევრობასკეტ 2013-ის საგზურს მოიპოვებს.
დარჩენილი 16 საგზურისთვის 31 გუნდი იბრძვის, რომლებიც 6 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. შექმნილია 5 ხუთგუნდიანი და 1 ექვსგუნდიანი ჯგუფი. საქართველი D ჯგუფშია რუმინეთთან, ლატვიასთან, ბოსნიასთან და ჰოლანდიასთან ერთად. ამ 4 გუნდს საქართველო 2-2 ჯერ, შინ და სტუმრად შეხვდება, რის შემდეგაც ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას დაასრულებს. ევრობასკეტ 2013-ზე ყოველი ჯგუფის 2 საუკეთესო, ანუ მთლიანობაში 12 გუნდი გავა. შესარჩევი ჯგუფების 6 მესამეადგილოსნიდან ფინალური ეტაპის დარჩენილ საგზურებს 4 საუკეთესო მიიღებს. 
მაშ ასე, საქართველოს ნაკრების მიზანი საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრაა, თუმცა, დაზღვევის მიზნით, ევრობასკეტ 2013-ზე გასვლის შანსი ჯგუფში მესამე ადგილიდანაც არსებობს, რომლის იმედზეც ვერ ვიქნებით. საჭიროა მინიმუმ 6 მატჩის მოგება, რათა სლოვენიის საგზურის მოპოვება საეჭვო არ გახდეს.
კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური