საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი ელის. მეტოქე სლოვენიაა, რომელსაც ქართველები კარგად იცნობენ. სამჯერ გავიდა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე და სამჯერვე ჯგუფში სლოვენია გვყავდა. 2011 წელს, ლიტვაში სლავებთან 12 ქულით დავმარცხდით, ხოლო 2 წლის წინ მათსავე ქვეყანაში გამართულ ევრობასკეტზე მხოლოდ 4 ქულით, დაძაბულ ბრძოლაში წავაგეთ.
სლოვენია ოპტიმალური შემადგენლობისგან შორსაა და ამიტომაც, გამარჯვებაზე ფიქრი სულაც არაა უსაფუძვლო. მერე რა, რომ პირველ მატჩში ჰოლანდიასთან წავაგეთ. ეს ევროპის ჩემპიონატია და ყველა მატჩში გუნდმა გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს. საქართველო ბრძოლისთვის მზადაა და დღეს, დრაჟენ პეტროვიჩის სხელობის „ციბონას“ დარბაზში ნაყოფიერადაც ივარჯიშა.
ჩვენს ნაკრებამდე „ციბონას“ დარბაზში სლოვენიელებმა ივარჯიშეს. ქართველი კალათბურთელები მომავალ მეტოქეებს გამოელაპარაკნენ – ზაზა ფაჩულიამ ნბა-ში მოთამაშე ზორან დრაგიჩი მოიკითხა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილმა – მიჰა ჟუპანი.
მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა ასისტენტებთან ერთად კალათბურთელები კონკრეტულად სლოვენიისთვის დამუშავებულ კომბინაციებზე ავარჯიშა, რის შემდეგაც მოთამაშეებმა მცირე ხანს ფარში ისროლეს და ვარჯიშისთვის გამოყოფილი 1 საათიც გაილია.
მაშ ასე, სლოვენიასთან თამაშამდე 4 საათით ადრე საქართველოს ნაკრები სასტუმროშია და მომავალი ბრძოლის წინ ისვენებს. სლოვენიიდან ჩამოსული 3000-ზე მეტი ქომაგი კი ნელ-ნელა ემზადება. ზოგი ბარშია და ლუდით იმუხტება, ზოგიც ზაგრების ქუჩებში ნაციონალურ მწვანე ფერის სამოსით სეირნობს. საქართველოს დღევანდელ თამაშზე 200-ამდე ქომაგი ეყოლება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.