“სოხუმი” რიჩი დამუსმა გადაარჩინა

“სოხუმი” რიჩი დამუსმა გადაარჩინა

„სოხუმმა“, რომელსაც 5 ლეგიონერი ჰყავს, დიდი გაჭირვებით მოუგო
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს. სოხუმელებმა მესამე მეოთხედში მოპოვებული სოლიდური
უპირატესობა გაანიავეს და ბოლო წამებზე რიჩარდ დამუსს რომ არ ეყოჩღა, წაგება არ
ასცდებოდათ.

ვაჟა კვარაცხელიასა და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილ გუნდში დებიუტი
ჰქონდა მე–5 ლეგიონერ იუჯინ ჰარისს. ახალ გუნდთან პირველი მატჩის კვალობაზე ჰარისს
ცუდად არ უთამაშია. პირიქით – ის ერთ–ერთი ყველაზე სარგებლიანი იყო სოხუმელთადან.
ჰარისს ხუთეულში არ დაუწყია თამაში, თუმცა მატჩის ბოლო წუთებზე, როცა დაძაბულობამ
კულმინაციას მიაღწია, იუჯინი მოედანზე იყო და არაერთი სასარგებლო სვლაც გააკეთა.

„სოხუმში“ მეორე მატჩი ჩაატარა ლიტველმა ლეგიონერმა პეტრას ბალოჩკამ,
რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ შეიძლება დასახელდეს. ლიტველმა ცენტრმა
ცარქვეშეთში საკუთარი ჰეგემონია დაამყარა, შეტევების უმეტესობა სწორედ მასზე
გადიოდა. უკანახაზელები ბალოჩკას ბურთს აძლევდნენ საჯარიმოს სიახლოვეს, ისიც
თავისი ზორბა ტანით მეურვეს გვერდზე სწევდა და თუ კალათს ვერ ლაშქრავდა,
მოწინააღმდეგეს დაჯარიმებას აიძულებდა. ბალოჩკას სამეურვეოდ ხშირად 2 კალათბურთელი
გადადიოდა, ლიტველიც საზრიანობას იჩენდა და უმეთვალყურეოდა დარჩენილ თანაგუნდელს
პასს არ უგვიანებდა. შედეგად, მას მატჩში ყველაზე მეტი პასი (7) დაუგროვდა და ცოტა
დააკლდა სამმაგ დუბლამდე. ბალოჩკამ 7 პასთან ერთად 23 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა
– ყველა ეს შედეგი საუკეთესოა ამ მატჩში (ქულებში მას მხოლოდ „სამედიცინოს“
უკანახაზელი გიორგი გულისაბედაშვილი გაუთანაბრდა).

უტევს იუჯინ ჰარისი

სოხუმელებმა მესამე მეოთხედში ათქულიანი ლიდერობა დაიბევეს – 43:33.
თუმცა მერე მოდუნდნენ და კეიდიას, თავართქილაძის და ჩაჩიბაიას ქულებით მედიკოსებმა
3 წუთში ლიდერობა მოიპოვეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 53:51 იგებდნენ.

ბოლო ათწუთეული, რასაც ჰქვია, ქულა–ქულაში წარიმართა. ხან ერთი გუნდი
გალიდერდებოდა 1–2 ქულით, ხან მეორე. სოხუმელებმა მატჩის დასრულებამდე 3 წუთით
ადრე 5–ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ გულისაბედაშვილმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანები
ჩააგდო და მედიკოსები ბოლო წუთზე ქულით დაწინაურდნენ – 77:76.

პეტრას ბალოჩკა მედიკოსებმა ვერ შეაჩერეს

სერგო იშხნელის გაწვრთნილ გუნდს ამ მომენტში გამარჯვების კარგი შანსი
გაუჩნდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ფარღალავას აცილებული სამქულიანის შემდეგ ბურთს
მედიკოსები დაეუფლნენ და თამაშის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე ქულას ხომ იგებდნენ,
შეტევაშიც თავად იყვნენ. სტუდენტები ბურთს ვერ გაუფრთხილდნენ და იოსებ ლეჟავას
რიჩარდ დამუსმა ჩაუჭრა. სოხუმელებმა ბურთი გაათამაშეს, მაგრამ ფარქვეშ შესვლა ვერ
მოახერხეს და ირაკლი შანიძემ საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე სამქულიანი ესროლა.
ბურთი ისეთი ტრაექტორიით წავიდა, რომ ცხადი იყო, კალათში არ ჩაეშვებოდა. ნასროლი
რკალს ასცდა, თუმც ფარქვეშ მდგარმა რიჩარდ დამუსმა იმარჯვა, ბურთს დაეუფლა და წამიერად კალათში
ჩაუშვა – 78:77. მედიკოსებს ერთი შეტევის დრო რჩებოდათ, მაგრამ სოხუმელთა
ნახევარზე გადასულ გულისაბედაშვილს ფარღალავამ ჩაუჭრა და … მატჩის საბოლოო
შედეგიც საჯარიმოს ხაზიდან დააფიქსირა: 80:77.

კიდევ ერთი მატჩი გაიმართა სპორტის სასახლეში. ტექნიკური
უნივერსიტეტის გუნდმა მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ზურაბ
ტომარაძის გუნდი მე–8 ტურამდე მოუგებელი იყო, თუმც შემდეგ „სამედიცინოს“ და „დინამოს“
სძლია და პირველი წრის ბოლოს განწყობა გამოიკეთა. ტექნიკოსთა ლიდერი ბექა ჩიკვილაძე კი ამ ტურის შემდეგ სუპერლიგის ბომბარდირებს ჩაუდგა სათავეში. ის მქატჩში საშუალოდ 22,1 ქულას აგროვებს, მეორეზე ლაშა ფარღალავა (20,75) და თსუ–ელი მიხეილ ფანჩულიძე (20,22) მოდიან

მომდევნო ტური 28 და 29 დეკემბერს გაიმართება.

სტატისტიკა: სოხუმი – თსსუ სტუ – დინამო