ცნობილი ექიმი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს დაკავებული ჰყავს. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი დაშავებულების მოსანახულებლად იყო ჩასული და მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს. ამის შესახებ თავიდან სოციალურ ქსელში დაიწერა, შემდეგ კი, როცა ინფორმაცია ოსურმა მედიამ გაავრცელა, გაფრინდაშვილის გატაცება საქართველოს შესაბამისმა სამთავრობო სტრუქტურებმაც დაადასტურეს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სოლიდარობას უცხადებს ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში საკალათბურთო და ზოგადად სპორტული მედიცინის მოდერნიზების საქმეში და იმედს გამოთქვამს, რომ სამთავრობო სტრუქტურებისა და თუ საჭირო გახდა, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩარევით ის მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს და საქმიანობას.