სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ნაკრებს ვარჯიშზე ესტუმრა

ეროვნული ნაკრების გუშინდელ ვარჯიშზე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მივიდა და იგორ კოკოშკოვის გუნდი თან გაამხნევა და თან ისიც აუხსნა, რომ უკვე დროა, ჩვენმა ნაკრებმა ელიტაში რომ ითამაშოს.
მინისტრს თან ახლდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავჯმდომარე დავით ნამგალაური, ბუნებრივია, იქ იყო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანიც– ერთი სიტყვით, სპორტის ხელმძღვანელები გუშინ კალათბურთელებთან იყვნენ და მათ ყველაფერში დახმარება აღუთქვეს, ოღონდაც ბიჭებმა იყოჩაღონ და სანატრელი A დივიზიონის საგზური მოიპოვონ.
„დროა, ჩვენმა ნაკრებმა A დივიზიონში ითამაშოს – ასე დაიწყო კალათბურთელებთან საუბარი მინიტრმა – თქვენ ტოლი მოთამაშეები უკვე ვარსკვლავები არიან სანაკრებო დონეზე და გარკვეული წარმატებებისთვისაც აქვთ მიღწეული. დროა, თქვენც ასახელოთ ქვეყანა და თითოეულ გულშემატკივარს გაუხაროთ გული. მე პირადად ყველაფერში დახმარებას გპირდებით, მითხარით, თუკი რამე პრობლემა გაგაჩნიათ და მე მათ გადაგიჭრით. ჩემს მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად ყველა მატჩს დავესწრები და მინდა, რომ დარბაზი გახარებულმა დავტოვო. ასევეა დარბაზში მომსვლელი თითოეული ადამიანი და აბა, თქვენ იცით. მეტოქეები კი არ უნდა დავამარცხოთ, არამედ, როგორც იტყვიან ხოლმე, უნდა დავანგრიოთ, მათ არავითარი შანსი არ უნდა დავუტოვოთ“.
მინისტრის სიტყვა–დაპირებები გვარიანი მუხტი და სტიმული უნდა იყოს ნაკრებისთვის და თუ როგორ ივაჟკაცებენ ჩვენი ბიჭები, სულ მალე გამოჩნდება.
 

სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა თავიდან ვარჯიშს შორიდან უყურებდნენ

ბესიკ ლიპარტელიანი, ნიკოლოზ რურუა და დავით ნამგალაური