დღეს, 4 აპროლს, სასტუმრო “რედისონში”, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო.
საბოლოოდ შეხვედრას 29 ფედერაციის თავკაცი და წარმომადგენლები დაესწრნენ. საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა შეხვედრაზე დასწრება იუარეს. შეხვედრაზე მივიდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სამინისტროს სხვა ჩინოსნები, რომელთაგან ფედერაციათა ხელმძღვანელებმა იმ კითხვებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები, რაც ბოლო დროს სპორტის სფეროში დაგროვდა.
ამის შემდეგ სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს, ფედერაციათა ხელმძღვანელებმა კი თათბირის შემდეგ ოქმი მიიღეს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
“2015 წლის 4 აპრილს, 16 საათზე, სასტუმრო რედისონში, შეიკრიბენ ეროვნული სპორტული ფედერაციები საქართველოს სპორტულ სამყაროში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიზეზებისა და მიმდინარე პროცესების განსახილველად.
საინიციატივო ჯგუფმა 2015 წლის 1 აპრილს თხოვნით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს დასწრებოდნენ დღევანდელ შეხვედრას და მოეხდინათ სპორტული სამყაროს ინფორმირება აღნიშნული საკითხების შესახებ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნება. ხოლო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა არ ჩათვალა მიზანშეწონილად თავიანთი წარმომადგენლების შეხვედრაზე მოვლინება (რის შესახებაც წერილობითი ფორმით შეატყობინა ფედერაციებს). სამწუხაროდ, სპორტულ ფედერაციებსა და მთლიანად სპორტულ სამყაროს კვლავ არ მიეცათ საშუალება მოესმინათ კომიტეტის წარმომადგენლებისგან განმარტებები და მოსაზრებები მიღებული გადაწყვეტილებებისა და შექმნილი მდგომარეობის თაობაზე.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თავის მიმართვაში მოახსენა დამსწრე საზოგადოებას სამინისტროს მიერ ჩატარებული სამუშაოებისა და სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ, პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს.
სიტყვით გამოვიდნენ ფედერაციების ხელმძღვანელები, გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ დღესდღეისობით სრულიად აღმოფხვრილია სამინისტროს ჩარევა ფედერაციების საქმიანობაში, ეს აუცილებლად უნდა ჩაითვალოს დიდ მიღწევად სპორტის განვითარების პროცესში. ფედერაციები არიან დამოუკიდებელნი გადაწყვეტილებების მიღებისას, სპორტი არ არის პოლიტიზირებული და ამ მონაპოვარის დაცვა მიჩნეულ უნდა იქნას უმთავრეს ამოცანად. საგრძობლად გაზრდილია ფედერაციების დაფინანსება.რაც აისახება შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში და აჩენს სტაბილური განვითარების საფუძველს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფედერაციებსა და სამინისტროს შორის ჩამოყალიბდა საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობები. თვითოეული ფედერაციის პრობლემები სამინისტროს მიერ გაზიარებულია და მუშაობა ამ კუთხით ერთობლივად მიმდინარეობს.
ფედერაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ პრობლემებზეც, რომლებიც კვლავ აქტუალურია, კერძოდ ინფრასტრუქტურაზე, საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, და ა.შ.
მინისტრის განმარტებით უახლოეს მომავალში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სპორტულ სამყაროს აღნიშნული საკითხების სამართლებრივი და ეფექტური დარეგულირების საშუალებას მისცემს, ბიზნესით დაკავებული წრეებისათვის კი ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება სპორტში ინვესტიციების განხორციელება. მან მადლობა გადაუხადა ფედერაციების წარმომადგენლებს საქმიანი და ნაყოფიერი შეხვედრისათვის და დატოვა შეხვედრა.