დღეს თბილისში ამერიკელი უკანახაზელი, 24 წლის იუჯინ ჰარისი ჩამოფრინდა. ამრიგად, სუპერლიგას რიგით მე–9 ლეგიონერი შეემატა, რაც ყველა დროის აბსოლუტური რეკორდია. რომელმა გუნდმა შეიმატა ჰარისი? უკვე 4 უცხოელის მყოლმა „სოხუმმა“.
იუჯინ ჰარისმა „სოხუმთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება. რიჩარდ დამუსის, მაიკ მაკკერის, კარლ დამუსის და პეტრას ბალოჩკას შემდეგ ჰარისი სოხუმელთა მე–5 ლეგიონერია. 24 წლის ამერიკელი ახალწვეული უკანახზაზელია და როგორც გამთამაშებლად, ისე მსროლელის პოზიციაზე შეუძლია თამაში.
188 სანტიმეტრი სიმაღლის იუჯინ ჰარისმა 2006–10 წლები ამერიკის სტუდენტურ ლიგაში – „ჰაი ფოინთის“ უნივერსიტეტის გუნდ „პანტერსში“ გაატარა. ის ამ გუნდში 4 წლის მანძილზე საშუალოდ 12 ქულას აგროვებდა, საუკეთესო კი უკანასკნელი: 2009–10 წლების სეზონი იყო, რომლის განმავლობაშიც ჰარისმა 30 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 30,7 წუთს ატარებდა. იგი საშუალოდ 14 ქულას, 2, 6 მოხსნას, 2 პასს და 1,1 ჩაჭრას აგროვებდა. 30 შეხვედრაში ჰარისმა უკანახაზელის კვალობაზე სამაოდ ცოტა, 48 ბურთი დაკარგა.
სტუდენტური ასაკის გასვლის შემდეგ, იუჯინ ჰარისი ევროპაში გადმობარგდა და ლიტვის უმაღლესი ლიგის გუნდში, პალანგას „ადაკრისში“ ჩაირიცხა. ამავე გუნდში იყო სოხუმელთა ახლანდელი ლიდერი ლაშა ფარღალავაც, მაგრამ კლუბის ფინანსური პრობლემების გამო ქართველი უკანახაზელი სამშობლოში გამობრუნდა, ჰარისი კი დარჩა და ლიტვის ჩემპიონატის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ შეხვედრებში იუჯინი საშუალოდ 5 ქულას, 1 მოხსნას და 2,5 პასს აგროვებდა 21 წუთში.
იუჯინ ჰარისი სოხუმელთა ვარჯიშზე ხვალ მივა და თუკი ლიტვიდან მისი გათავისუფლების ფურცელი 25 დეკემბრამდე ჩამოვა, ის სუპერლიგის მომდევნო ტურში თსსუ–ს წინააღმდეგ ითამაშებს.
იუჯინ ჰარისი
ამასობაში, საფრანგეთიდან დაბრუნდა სოხუმელთა ლიტველი ლეგიონერი პეტრას ბალოჩკა, რომელიც იქ გასინჯვებზე იმყოფებოდა. ბალოჩკა „სოხუმში“ თამაშს იმ პირობით დათანხმდა, რომ თუკი მსურველი გამოუჩნდებოდა, ჩვენები მას არ დააკავებდნენ. პეტრასს გასულ კვირაში მოწვევა მოუვიდა საფრანგეთიდან, მაგრამ ახალ კლუბთან ვერ მოილაპარაკა და გუშინ თბილისში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ბალოჩკამ სოხუმურ გუნდში 1 მატჩი ითამაშა და 15 ქულასთან ერთად 17 მოხსნა მიითვალა.
ერთი სიტყვით, „სოხუმი“, რომელიც სუპერლიგის გასულ ტურში ისვენებდა, გვარიანად გაძლიერებული აგრძელებს ჩემპიონატში თამაშს.