ცენტრალურ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 5 ქულით
დაამარცხა ფინანსურ პრობლემებში ჩაფლული „ავიამშენი“ და სუპერლიგის ლიდერების
ზურგსუკან მესამე ადგილზეა.
მიუხედავად იმისა, რომ ლევან მოსეშვილის გაწვრთნილი „ავიამშენი“ ფაქტობრივად დაფინანსების გარეშე თამაშობს, ამ გუნდს უკან დასახევი გზა არ აქვს და ყველა
მეტოქეს ბოლომდე ებრძოლება. ასე იყო დღესაც, როცა „ავიატორებმა“ წელში გამართულ
თსუ–ელებს ტოლი არ დაუდეს და მოგების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ.
ანატოლი ბოისა, თორნიკე ნინიაშვილი და სერგო ათუაშვილი ქულას–ქულაზე
იხვეჭდნენ და სტუდენტებს, რომლებიც უფრო სწრაფად თამშობდნენ, წინ გაჭრის
საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა მცირედით მაინც ყოველთვის წინ იყო თსუ და ბოლო
მეოთხედის წინ ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა 8–ქულიან უპირატესობას მიაღწია.
გადამწყვეტ წუთებში ვითარება დაიძაბა – ზურაბ ბადრიძემ და ლევან
მოსეშვილმა სამქულიანები ჩააგდეს და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა, მაგრამ ბოლოს დავით ბარბაქაძემ იმარჯვა, რომელმაც 2 სამიანი ჩააგდო და „ავიამშენის“
წაგება გარდაუვალი გახადა.
საკმაოდ დაძაბული გამოვიდა აუტსაიდერთა შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „დინამო“
და „ჭიათურა“ შეხვდნენ. თბილისელებმა თამაში ძალიან კარგად დაიწყეს, ზაზა
ცაგარეიშვილის შეგირდები განსკუთრებით, დაცვაში აქტიურობნენ და პირველ ათწუთეულში
ჭიათურელებს მხოლოდ 5 ქულა ჩააგდებინეს საკუთარი 20–ის წილ. ამის შემდეგ ძნელი
სავარაუდო იყო, რომ შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნდებოდა, მაგრამ იმერლებმა მოახერხეს
და მესამე მეოთხედში ჩამორჩენის გაბათილება მოახერხეს. თუმცა ჭიათურელებმა მეტის
გაკეთება ვეღ მოახერხეს და ერთხანს 5 ქულით ჩამორჩენილებმა, საბოლოოდ მხოლოდ 5
ქულით წააგეს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჭიათურელები მთავარი მწვრთნელის, უფრო სწორად,
ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ტარიელ დეკანოიძის გარეშე თამაშობდნენ, რომელიც კლუბის
დამფინანსებლებმა გაათავისუფლეს.
საინტერესო გამოდგა ახალგაზრდული „სამედიცინო–აკადემიისა“ და გამოცდილი
მოთამაშეებით დაკომპლექტებული შსს–ს მატჩი. გელა წულაძის გუნდმა პირველი მეოთხედი
22:19 მოუგო ამბიციამოჭარბებულ შსს–ს. მედიკოს–აკადემიელთა უკანახაზელებმა – იოსებ
ლეჟავამ და მერაბ ბოქოლიშვილმა შორიდანაც ჩააგდეს, სწრაფი გარღვევებითაც და
ახალგაზრდებმა თავიდან ალალად გაიხარეს.
მეორე მეოთხედში „ძალოვნებმა“ საქმეს ხელი მოჰკიდეს, გიორგი ნიკოლაძე
და დავით ბერიშვილმა შსს–ს ათწუთეული 33:14 მოაგებინეს და წულაძის გუნდი
ფაქტობრივად წელში გატეხეს.
ერთხანს შსს–ს უპირატესობამ 24 ქულასაც მოაღწია, მაგრამ ბოლო
მეოთხედში ახალგარდებმა კიდევ ერთხელ იყოჩაღეს, შსს–ს მიუახლოვდნენ კიდეც, მაგრამ
მოსაგებად არც დრო ეყოთ და არც ძალა.
ყველაზე უინტერესო გამოდგა „სოხუმისა“ და „ენერჯი–ინვესტის“ შეხვედრა,
რომელიც თავიდან ცოტა დაძაბული კი იყო, მაგრამ საბოლოოდ 35–ქულიანი სხვაობა
დაფიქსირდა – რა თქმა უნდა, რუსთაველთა სასარგებლოდ. „სოხუმი“ ისედაც სუსტია, ვიდრე „ენერჯი–ინვესტი“,
ამ მატჩში კი სოხუმელებს წინა შეხვედრაში დისკვალიფიცირებული ირაკლი სორდია და
ბუბა კვიმსაძე აკლდნენ. ამის გათვალისწინებით, შედეგი არ ყოფილა ძნელად
გამოსაცნობი. რუსთაველებმა იოლად იმარჯვეს და აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად
სუპერლიგას წაუგებლად ლიდერობენ.