სუპერლიგის ახალ სეზონში მატჩებზე დასწრება უფასო იქნება

სუპერლიგის ახალ სეზონში მატჩებზე დასწრება უფასო იქნება

ახალ, 2010–11 წლების სეზონში სუპერლიგის მატჩებზე დასწრება უფასო იქნება. კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სპორტის სასახლეში, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება ნებისმიერ გულშემატკივარს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე შეეძლება.
 
აქამდე სუპერლიგის მატჩებზე დასწრება არ იყო ძვირი. ბილეთები 1 და 2 ლარი ღირდა, თუმც გადაწყდა, რომ ბილეთები საერთოდ არ დაიბეჭდება და გულშემატკივრებს თავისუფალი დასწრების საშუალება ექნებათ.
 

 
არადა, როგორც წინასასეზონო სიტუაცია გვკარნახობს, სუპერლიგის ეს სეზონი საკმაოდ დაძაბული იქნება. მე–20 ჩემპიონატში ლეგიონერთა ყველა დროის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. „სოხუმს“ 3 ამერიკელი ჰყავს, „ენერჯი–ინვესტს“ 2 კამერუნელი, შსს–ს 1 ამერიკელი, „სამედიცინოს“ 1 კამერუნელი. ლეგიონერთა მოდინების პროცესი არ განელებულა – შსს და თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ უახლოეს მომავალში ამერიკელი ლეგიონერების ჩამოყვანას გეგმავენ, „ქუთაისს“ კი ლიტველი ცენტრის შემატება გადაუწყვეტია. პლუს ამას, არაერთი ისეთი ქართველი მოთამაშე დაბრუნდა სუპერლიგაში, რომელიც გასულ სეზონში საზღვარგარეთ თამაშობდა: დავით უგრეხელიძე (სლოვენია), ლაშა ფარღალავა (NCAA, აშშ), მიხეილ ბერიშვილი (ესპანეთი), თეიმურაზ ბაბუნაშვილი (რუსეთი), ბექა ჩიკვილაძე (ესპანეთი), გიორგი შარაბიძე (ესპანეთი), გივი ბაქრაძე (ფინეთი) და ასე შემდეგ.
 
ერთი სიტყვით, სუპერლიგის ქომაგებს ძალიან საინტერესო სეზონი ელით და სპორტის სასახლეში სალაროს გვერდის ავლით შეეძლებათ შესვლა.
 

სუპერლუგა კალათბურთის ქომაგებს სპორტის სასახლეში უფასოდ ეპატიჟება