სუპერლიგის დაწყებისწინა პრესკონფერენცია

სუპერლიგის დაწყებისწინა პრესკონფერენცია

დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რუსთავში გამართული მატჩით (ენერჭი–ინვესტი – მერანი) გაიხსნა, თუმცა მანამდე ამ და სუპერლიგის მონაწილე დანარჩენი გუნდების მწვრთნელები თბილისში, „დინამოს“ სტადიონთან მდებარე „სპორტკაფეში“ შეიკრიბნენ და ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენცია სწორედ დებიუტანტი ჭიათურის “მერანის” თავკაცმა ტარიელ დეკანოიძემ გახსნა;
– ძირითადად 20-წლამდე ახალგაზრდები არიან ჩვენს გუნდში. ჭიათურელები საქართველოს ჩემპიონატში 80-იანი წლების ბოლოსაც ვთამაშობდით და დაინტერესებული ბიზნესმენების მეშვეობით ტრადიციების აღდგენა გადავწყვიტეთ. წლეულს ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ მოვწყვეტთ, თუმცა საქმის ყურშია რაიონის ხელმძღვანელობაც და იმედია, რომ თანდათან გავძლიერდებით. მატჩებს თბილისში ვიმასპინძლებთ, რადგან ჭიათურის არენა მოთხოვნებს არ აკმაყფილებს.
 

 
“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია:
– სოხუმის გუნდი სახელად „კოლხა“ უმაღლეს ლიგაში 10 წლის განმავლობაში თამაშობდა, თუმცა სამი წლის წინათ დაიშალა. სწორედ ამ გუნდის ბაზაზე აღვადგინეთ “სოხუმი”, რომელშიც ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად “კოლხას” ყოფილი მოთამაშეებიც არიან. თითოეულ მეტოქეს სიურპრიზს ვპირდებით.
ვაჟა მხეიძე, “ავიამშენის” მწვრთნელი:
– ჩვენი გუნდის სუპერლიგაში თამაში ბუნდოვანი იყო. ბოლო წუთამდე არ ვიცოდით, ვითამაშებდით თუ არა. ამიტომ ვარჯიში ორი დღის წინ დავიწყეთ. გუნდის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდულია, თუმცა გვყავს გამოცდილი კალათბურთელებიც; ანატოლი ბოისა, თორნიკე ნინიაშვილი, გიორგი პირველაშვილი… ვახტანგ მინაშვილს წელიწადნახევარია არ უვარჯიშია. ვნახოთ, შეუწყობს თუ არა ჯანმრთელობა ხელს სასურველ ფორმაში ჩადგომაში. ჩვენი ძირითადი სპონსორი ისევ “ავიამშენია”, თუმცა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა სპონსორთანაც. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად დასრულდება.
ნუგზარ ჭეიშვილი, თსუ–ს მთავარი მწვრთნელი:
– ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თსუ-ს კალათბურთელთათვის სახელფასო ფონდი გამოყო. მას სანაცვლოდ რეკლამა შევთავაზეთ, მაგრამ უარი გვითხრა. ასე რომ, სუპერლიგას გაორმაგებული ენთუზიაზმით ვხვდებით. შემადგენლობაში ცვლილებები სადღეისოდ არ განხორციელდება. იანვრისთვის, როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, აუცილებლად გავძლიერდებით. თუ დაგვჭირდა, არც უცხოელების ჩამოყვანაა გამორიცხული.
– აქვე გავაკეთებ ერთ განცხადებას: მოგეხსენებათ, ლეგენდარული კალათბურთელი ვლადიმერ უგრეხელიძე წლების განმავლობაში უნივერსიტეტის სპორტის კათედრას ხელმძღვანელობდა. ამიტომ მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის კათედრამ თსუ-შსს-ს მატჩის საუკეთესო კალათბურთელისა და გამარჯვებული გუნდისთვის პრიზები დააწესა…
„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი, ზაზა ცაგარეიშვილი:
– მოგეხსენებათ, მომავალ ჩემპიონატში არ ითამაშებს “მაკაბი”. ამ გუნდის მწვრთნელმა სამი ძლიერი კალათბურთელი დაგვითმო; ჯანგველაძე, კოპალიანი და ლონდარიძე. ისინი დაემატნენ “დინამოს” სკოლის აღზრდილებს და მივიღეთ საინტერესო, ახალგაზრდული შემადგენლობა. ჩვენი მიზანი 8 გუნდში მოხვედრა და მეოთხედფინალში თამაში იქნება.
ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის, შსს-ს მთავარმა მწვრთნელმა, კახა შენგელიამ აღნიშნა, რომ დუდუ დადიანის მემორიალის დასრულების შემდეგ მის გუნდში ცვლილებები არ მომხდარა;
– ჩვენს გუნდს მოსამზადებელი შეკრება არ გაუვლია, თუმცა ახალი სეზონისთვის მონდომებით ვემზადებით და ვფიქრობ, ნორმალურ კონდიციებში ვხვდებით. პირველ ეტაპზე ოთხეულში მოხვედრას ვგეგმავთ, მერე ვნახოთ…
აგრარული უნივერსიტეტის მწვრთნელი თემურ აბულაძე:
„შარშანდელი სეზონის შემდეგ ჩვენგან წავიდნენ მიხეილ ბერიშვილი ესპანურ “არიდანეში” და გიორგი ყველაშვილი შსს-ში. გვაქვს შევსებაც, დავიმატეთ რეზო დიდია, რომელიც შარშან “ენერჯიში” ასპარეზობდა. გვაქვს შარშანდელი შედეგის გამეორების სურვილი, მაგრამ რა გამოვა, ამას მაისში ვნახავთ. თურქულ ფირმასთან შეთანხმება მიღწეულია და ერთ თვეში აგრარული უნივერსიტეტის დარბაზისთვის ახალი ფარები და ტაბლო ჩამოვა. თუმცა, იატაკიც გამოსაცვლელია და ვიდრე ისიც არ შეიცვლება, საშინაო მატჩებს უნივერსიტეტში ვერ ჩავატარებთ.
„ენერჯი–ინვესტის“ მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი:
– ამ ზაფხულს საკითხი ისე დადგა, რომ შეიძლება გუნდს უმაღლეს ლიგაში ვერც ეთამაშა. საბოლოოდ, შედარებით მცირე ბიუჯეტით შემადგენლობის ნაწილი შევინარჩუნეთ. ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლაა. თუმცა, ვეცდებით, რაც შეიძლება წინ წავიდეთ. წლეულს სუპერლიგაში 4-5 თანაბრად ძლიერი გუნდია და საინტერესო ბრძოლებს უნდა ველოდეთ“.
2002-03 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა “საკალათბურთო აკადემია”, ხოლო იმავე სეზონში თსუ-ს გელა წულაძე წვრთნიდა. წლეულს ეს სპეციალისტი “სამედიცინო უნივერსიტეტთან” გაერთიანებულ “აკადემიას” ჩაუდგა სათავეში. გელა წულაძის თქმით, როგორც უმეტესობა, “სამედიცინო-აკადემიაც” ახალგაზრდული გუნდი იქნება;
– ორი კვირაა, რაც შევიკრიბეთ და ერთად ვვარჯიშობთ. ძირითად ბირთვს წარმოადგენენ 1991-92 წლებში დაბადებული კალათბურთელები, რომლებიც ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების კანდიდატები არიან. მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომელთან ერთადაც ვეცდებით ახალგაზრდებს გამოცდილება მივაღებინოთ. ვფიქრობ, მეორე წრიდან ბიჭები გაცილებით უკეთესად ითამაშებენ.
„სამედიცინოს“ მთავარი მწვრთნელი იყო სერგო იშხნელი, რომელიც ახლადჩამოყალიბებულ გუნდს გელა წულაძესთან ერთად უხელმძღვანელებს;
– მოხარული ვარ, რომ სუპერლიგაში 10 გუნდი შეიკრიბა. ვიმედოვნებ, მათი რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და გაციებით ძლიერი ჩემპიონატი გვექნება.