დღეს, ზესტაფონში გამართული მატჩით დასრულდა სუპერლიგის მე-8 ტური. ლიდერთა შორის მყოფმა “მარგვეთმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით ცხრილში მეორე ადგილზე გამაგრდა.
ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილ “მარგვეთს” 5 მოგება და 3 მარცხი აქვს. ეს 3 წაგებაც ქულა-ქულაში მიმდინარე თანაბარ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე განიცადა. ბრძოლა გადახდათ ზესტაფონელებს კავკასიასთან მატჩშიც, რომლიდანაც გამარჯვებულები გამოვიდნენ. არადა, პირველი ნახევარი მასპინძლებმა დამაჯერებლად, 11 ქულის სხვაობით მოიგეს, მაგრამ ბექა წივწივაძის გაწვრთნილი კავკასია რომ იოლად არ დანებდებოდა, ცხადი იყო.
ასეც მოხდა, მესამე პერიოდი კავკასიელებმა 23:18 მოიგეს, ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს და ბოლო პერიოდში მოსაგებადაც გაიწიეს. გიორგი ტურძილაძის და შამარ რაითის შედეგიანობით ანგარიში მალევე გათანაბრდა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე თბილისური გუნდი 6 ქულით თავად დაწინაურდა – 82:76.
კავკასიას შეეძლო უპირატესობის გაზრდა, თუმცა ზედიზედ 2 შეტევა გააცუდა, რითაც ზესტაფონელებმა ისარგებლეს და ვახტანგ გაფრინდაშვილის ჯერ ორ, ხოლო შემდეგ სამქულიანი სროლით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 81:82. მარგვეთი ლუკა ალავიძემ მალევე დააწინაურა, რის შემდეგაც ქულა-ქულაში თამაში წავიდა. თამაშის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე კავაკასია კვლავ იგებდა – გივი ბაქრაძის საჯარიმოებით 88:87 გალიდერდა.
ზესტაფონელებმა დარჩენილ დროში მეტი მობილიზებით ითამაშეს. აკოლ მავეინმა საჯარიმოები ჩააგდო, რის შემდეგაც მარგვეთმა კარგი დაცვით ბურთის ფლობა მოიპოვა და გაფრინდაშვილმა შეტევა ხომ დააგვირგვინა, ბონუს სროლის უფლებაც მოიპოვა და სამქულიანი შეტევა გამოუვიდა – 92:88 დასრულებამდე 45 წამით ადრე. ასეთ საკვანძო მომენტში კავკასიელებმა ბურთი დაკარგეს და ლუკა ალავიძეზე ტაქტიკურად დაჯარიმდნენ. ახალგაზრდა უკანახაზელმა საჯარიმოები ჩააგდო და მასპინძლებს გამარჯვება გაუნაღდა.
საბოლოოდ მარგვეთმა 96:91 (სტატისტიკა) მოიგო და მე-2 ადგილზე, თსუ-სა და დელტას შორის ერთპიროვნულად განთავსდა. შემდეგი ტურის მატჩები 13, 14 და 15 დეკემბერს 4 ქალაში გაიმართება გაიმართება.