სუპერლიგის ფინალურ სერიაში თსუ–მ “ენერჯის” ანგარიში გაუთანაბრა

სუპერლიგა. ფინალი. მე–2 მატჩი. რუსთავი. 15 მაისი. 18:30
სერიის საერთო ანგარიში – 1:1
ენერჯი–ინვესტი 75:84 თსუ
მეორე მეოთხედში თსუ–ს უპირატესობა 15 ქულამდე გაიზარდა. რუსთაველებს გაცილებით გრძელი სათადარიგოთა სკამი ჰყავდათ და შეცვლებსაც ხშირად ახორციელებდნენ, თუმცა ვერც ახალშემოსულებმა და ვერც ლიდერთა დასვენებამ შედეგი ვერ გამოიღო. თსუ–ელებმა კბილებით დაიცვეს საკუთარი ფარი და დიდი შესვენებისთვის 10–ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.
მესამე მეოთხედში ისეთი რამ მოხდა, რომ თუკი რუსთაველებს მოგება სურდათ, უკეთესს ვერც ინატრებდნენ. რუსთაველებმა ანგარიშის გათანაბრება ზეგ მესამე მეოთხედის დასრულების ზღვარზე მოახერხეს. თსუ–ელები, რა გასაკვირია და, გადაიღალნენ, ხუთეულის კიდევ ერთმა წევრმა დავით ბარბაქაძემ კი ფეხი ამოიტრიალა და მოედნიდან რამდენიმე წუთით გავიდა. კუჭავა და კოხრეიძე კი 4–4 პერსონალურით იყვნენ დახუნძლულნი და ამას ლოგიკურად მოჰყვა მასპინძელთა გააქტიურება. „ენერჯი–ინვესტის“ ლიდერი ზვიად ბაბიაშვილი და კამერუნელი ლეგიონერი ჟოლივეტ ტუჯანი ფარქვეშ ამოქმედდნენ, ხოლო უკანა ხაზში კოტე ტუღუმა და დომონიკ ტილფორდმა იძალეს. ამ უკანასკნელმა მესამე მეოთხედის დასრულებამდე 1,8 წამით ადრე ფარქვეშიდან გამთანაბრებელი ბურთი ჩააგდო, თანაც ამ დროს მასზე თსუ–ელები დაჯარიმდნენ. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ რუსთაველები ბოლო შესვენებაზე ლიდერებად უნდა გასულიყვნენ, მაგრამ ტილფორდმა საჯარიმო ააცილა, ბურთის მოსახსნელად ბრძოლაში კი რუსთაველეი გიორგი პირველაშვილი დაჯარიმდა. ორივე საჯარიმო ვახტანგ მინაშვილმა მიითვალა და ბოლო მეოთხედის წინ თსუ 65:63 იგებდა.

სრული ფოტოგალერეა
რუსთაველებს თამაშის შემოსაბრუნებლად მთელი 10 წუთი ჰქონდათ, ჩამორჩენა თითქმის გაბათილებული ჰქონდათ, თუმც თსუ–მ შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ისე ჩაამთავრა თამაში, რომ რუსთაველება არათუ წინ გასვლა, ანგარიშის გაბათილებაც კი ვერ მოახერხეს. თანაც მალე გავარდნის ზღვარზე მყოფი თსუ–ელების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა – კოხრეიძეს და კუჭავას ვახტანგ მინაშვილი და ირაკლი კეიდიაც შეემატნენ. ბოლო 5 წუთი ასე ბეწვის ხუდზე იარა თსუ–მ და როცა კუჭავა გავარდა, თამაშის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა, თბილისელები კი 5 ქულით იგებდნენ.
გიორგი პირველაშვილმა სირებამდე წუთნახევრით ადრე მნიშვნელოვანი 3–ქულიანი ჩააგდო და რუსთაველთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, თუმც მოედანზე იძულებით გამოსულმა, ფეხმტკივანმა მიხეილ ფანჩულიძემ, რომელმაც მოედანზე სულ რაღაც 2,47 წუთი დაჰყო, საჯარიმოჩააგდო, რასაც ტილფორდის აცილება და შიო ხეცურიანის უმნიშვნელოვანესი, შედეგიანი გარღვევა მოჰყვა – 78:74 თსუ–ს სასარგებლოდ, თამაშის დასრულებამდე 1 წუთით ადრე.

გიორგი კუჭავამ ეს და კიდევ 2 სამქულიანი ჩაუგდო რუსთაველებს
თბილისელები კოტე ტუღუშზე დაჯარიმდნენ, ამ უკანასკნელმა კი პირველი ჩააგდოო, მეორე ააცილა და ბურთი თსუ–ელმა დავით ხიზანიშვილმა მოიხელთა. თსუ–მ საპასუხო შეტევაში ყველაფერი გადაწყვიტა – კოხრეიძემ ზუსტი პასი მიაწოდა ბარბაქაძეს და ამ უკანასკნელმა თბილისელთა უპირატესობა საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე 5 ქულამდე გაზარდა – 80:75.
დარჩენილ მცირე დროში რუსთაველებმა ვეღარაფერი გააწყვეს ერთ მუშტად შეკრულ თსუ–ელებთან ბრძოლაში და ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა საერთო ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
ფინალური სერია ახლა თბილისში გადაინაცვლებს. 17 და 19 მაისს მატჩებს სპორტის სასახლე უმასპინძლებს და თუკი გუნდებმა მოგებ–წაგება კვლავ გაცვალეს, მაშინ 21 მაისს მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა კვლავ რუსთავში გაიმართება.