Tbilisi Challange 2018-ის გამარჯვებულები “ბებერი არწივები” გახდნენ

Tbilisi Challange 2018-ის გამარჯვებულები “ბებერი არწივები” გახდნენ

საქართველოში ერთ-ერთი პრესტიჟული 3×3 საკალათბურთო ტურნირი – Tbilisi Challange 2018 – 9 ივნისს, ლისის ტბაზე გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებმა, სუპერლიგის წამყვანი გუნდების წევრებმა და ზოგადად, 3×3 კალათბურთის წამყვანმა ქართველმა მოთამაშეებმა. Tbilisi Challange 2018 თბილისის კალათბურთის ფედერაციის ეგიდითა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ტურნირზე სოლიდური საპრიზო ფონდი და მთავარი პრიზი იყო დაწესებული. მთლიანი საბონუსე ფონდი 4000 ლარს შეადგენდა, ხოლო გამარჯვებულ გუნდს 3000 ლართან ერთად ლატვიის ქალაქ ვენტსპილსის წარმომადგენლობითი ტურნირის საგზური ერგებოდა. აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი 20 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს და მისი გამარჯვებული მსოფლიო სერიის ეგრედ წოდებულ მასტერსზე გაემგზავრება.

ლისზე თავი 12-მა გუნდმა მოიყარა, რომლებშიც მიმოფანტულნი იყვნენ ქართული კალათბურთის ცნობილი მოთამაშეები – ანატოლი ბოისა, ილია ლონდარიძე, მიხეილ ბერიშვილი, ბექა ბექაური, გივი ბაქრაძე, რევაზ როგავა, ბექა ჩიკვილაძე, ლუკა ზაქრაძე, ძმები ბარბაქაძეები, ძმები რევაზაშვილები, ლევან გოგალაძე და სხვანი…

ძალიან საინტერესოდ წარმართული ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლა პლეი ოფში გაგრძელდა, სადაც ფინალურ მატჩში ასპარეზობის უფლება “მაკაბიმ” (გიორგი, ლევან, მაიზერ რევაზაშვილებს + ლუკა ზაქრაძე) და “ბებერმა არწივებმა” (მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ზუკა მაჩალაძე, გიორგი ვახანია) მოიპოვეს. ფინალი საინტერესოდ დაიწყო, თუმცა “ბებერმა არწივებმა” მაინც გატეხეს მაკაბელები და დამსახურებულად გახდნენ Tbilisi Challange 2018-ის გამარჯვებულები.

“ბებერ არწივებს” საჩემპიონო პრიზი თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვატო ნაცვლიშვილმა გადასცა. გამარჯვებულებს საჩემპიონო თასთან ერთად 3000-ლარიანი ვაუჩერი და ლატვიური ტურნირის – Ghetto Basket Ventspils Challenger 2018-ის საგზური ერგოთ.