საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და თბილისის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ფილარმონიის მომდებარე ტერიტორიაზე, 4-5 ივლისს გაიმართა 3×3 კალათბურთელთა შორის თბილისის ღია პირველობა, სახელწოდებით “თბილისი Challenge 2015”. ტურნირი არის სატელიტური და გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება 3×3 პროფესიონალ კალათბურთელთა მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ ეტაპზე, “Tallinn Open 2015″.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მოქმედმა და ყოფილმა კალათბურთელებმა, სულ მონაწილეობდა 16 გუნდი, რომლებიც 4 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის თამაშები 4 ივლისს გაიმართა. საუკეთესო 8 გუნდი კი პლეი ოფში გავიდა, რომლებმაც ტურნირის მეორე ეტაპზე 5 ივლისს იასპარეზეს.
ფინალში Euro ნაბიჯი (მერაბ ბოქოლიშვილი, აკაკი ლომოური, ილია ლონდარიძე, ზურაბ მაისურაძე) და LRG (მიხეილ ბერიშვილი, მიხეილ ფანჩულიძე, კირილე ტატუნაშვილი, დავით გასიტაშვილი) გავიდნენ. ფინალურ ბრძოლაში გამარჯვება LRG- ს დარჩა – 17:12. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ესტონეთშია, ქ.ტალინში და 1 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს 3×3 მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურის შემდგომ ეტაპზე. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა LRG- ის კალათბურთელი კირილე ტატუნაშვილი, 3-ქულიანების და ჩატენვების კონკურსები გრიგოლ შვანგირაძემ მოიგო, ტურნირის მხარდამჭერმა ” ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ” კი თავისი რჩეული მოთამაშე გამოავლინა. ცენტრის სიმპათია ფინალისტი გუნდის მოთამაშე აკაკი ლომოური გახდა.
ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 4000 ლარს, რომელიც გადანაწილდა გამარჯვებულ გუნდზე (3000 ლარი); ჩატენვების კონკურსში გამარჯვებულ მოთამაშესა (500 ლარი) და სამქულიანების კონკურსში გამარჯვებულ მოთამაშეზე (500 ლარი).
პროექტის გენერალური სპონსორია “კოკა-კოლა”. პროექტის მხარდამჭერები არიან: ტელევიზორები და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი.