ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. სარაევო. 1 აგვისტო
ისლანდია 94:65 საქართველო
მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები დღეს ისლანდიასთან დამარცხდა და ევროპის 18–წლამდელთა ჩემპიონატიზე (B დივიზიონი) ერთი შეხვედრაღა დარჩა ჩასატარებელი. საქართველოს ნაკრები მეთხუტმეტე ადგილისთვის მატჩში დღესვე დანიასთან დამარცხებულ შოტლანდიას შეხვდება.
შოტლანდიელებს ქართველები უკვე შეხვდნენ მიმდინარე ტურნირზე და სწორედ მათთან განცდილმა მარცხმა განაპირობა ძირითადად, რომ ჩვენებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს. შოტლანდიელებმა 71:61 მოუგეს ჩემპიონატის პირველ მატჩში ქართველებს, ახლა კი ეს გუნდები მე–15 ადგილისთვის მატჩში შეერკინებიან ერთმანეთს.
დღევანდელი მატჩი ქართველებისთვის მეტად უიღბლო გამოდგა. ჩვენი მეტოქე გახლდათ საკალათბურთოდ ვერაფრით გამორჩეული ისლანდია, თუმცა ჩრდილოელები ისე ყოჩაღად ირჯებოდნენ, რომ კობეშავიძის გუნდისთვის წარმატების არანაირი შანსი არ მიუციათ. ისლანდიელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს სოლიდური ლიდერობა (16:6), შემდეგ ქართველები ახლოს აღარ მიუკარებიათ.
ჩვენიანთაგან ნათელი წერტილი კვლავ აკაკი დვალიშვილი გახლდათ, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 17 ქულა, 12 მოხსნა. ბომბარდირი კი ბექა ჩიკვილაძე გახდა 19 ქულით.