თასის გათამაშება: “არმიამ” “სოხუმს” მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

თასის გათამაშება: “არმიამ” “სოხუმს” მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს თასის გათამაშება. მეოთხედფინალი. რუსთავი. 28 იანვარი
 
არმია 91:71 სოხუმი
20:22 24:23 19:9 28:17
არმია: ბაბიაშვილი (8), ბოისა (11ქ, 8მ), მინაშვილი (5), ბ. ბერიშვილი (11), ტუღუში (11ქ, 7პ), პირველაშვილი (10), მოსეშვილი (2), ათანელიშვილი, ათუაშვილი (14), საყვარელიძე (11), შარაბიძე (8)
სოხუმი: ფარღალავა (18ქ, 9მ, 7პ, 4 ჩ), ჰარისი (21), კვეტენაძე, შანიძე (4), სორდია (5), კანკია, კ. დამუსი (7), რ. დამუსი (13ქ, 9მ), ანთაძე (3)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა „არმიამ“ 20 ქულის სხვაობით დაამარცხა „სოხუმი“ და 30 იანვარს ნახევარფინალში თსუ–სა და “ენერჯი–ინვესტს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
 
სოხუმელებმა ძალიან მოინდომეს და დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, თუმცა მათი ეს მონდომება მხოლოდ პირველ ტაიმს ეყო. შეხვედრის დასაწყისში ვაჟა კვარაცხელიას დამოძღვრილი სოხუმელები 8 ქულითაც კი დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ პირველი ნახევარი მხოლოდ 1 ქულით მოიგეს. სოხუმელთაგან უკანახაზელები გამოირჩეოდნენ – იუჯინ ჰარისისა და ლაშა ფარღალავას აქტიურობით მათ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ არმიელებმა დიდი შესვენების შემდეგ თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ დიდი სხვაობითაც იმარჯვეს.
 

 
გარდამტეხი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც არმიელებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს. ლევან მოსეშვილის გუნდი როგოც წინა, ისე უკანა ხაზში კარგად თამაშობდა. ტანმაღალმა სერგო ათუაშვილმა ფარქვეშ პოზიციები გაიმყარა, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა და ბუბა ბერიშვილი კი სწრაზი შეტევებით არღვევდნენ სოხუმელთა დაცვას. „არმიის“ უპირატესობა გამუდმებით იზრდებოდა და როცა მეოთხე ათწუთეულში 17 ქულას მიაღწია და თამაშის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა, ყველაფერი გადაწყდა. თავდაცვის სამინისტროს გუნდი თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტია. 14 საათზე რუთავში მეორე მეოთხედფინალი დაიწყო: შსს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ.