თასის მეოთხედფინალში “სოხუმი” და “სამედიცინო–აკადემია” გავიდნენ

საქართველოს თასის გათამაშება. საკვალიფიკაციო მატჩები
რუსთავი. 20 იანვარი
 
სამედიცინო–აკადემია 60:57 დინამო
20:21 6:17 15:9 19:10
სამედ/აკადემია: ბოქოლიშილი (31), ელიაძე, თენიეშვილი (3), მუმლაძე (3), ბექაური (6); ლეჟავა (4), ჩქარეული, ლომოური (2), ჯავახიშვილი (7), მაისურაძე (4)
დინამო: სიგუა (3), ეძგვერაძე (15), სანაძე (17), კოპალიანი (2), ჩავლეიშვილი (2); ნანიტაშვილი (2), გემაზაშვილი, დეკანოიძე (6), ლონდარიძე (10)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
 
სოხუმი 77:71 ჭიათურა
4:15 23:19 16:16 18:11 16:10
სოხუმი: ტეტელაშვილი (15), ბ. ბერიშვილი (35), კანკია (15ქ, 14მ), კვეტენაძე (7ქ, 17მ), გაბელია (4); თვარაძე, მეხრიშვილი, სულაბერიძე (1)
ჭიათურა: ფ. გურული (19), დოლიძე (15), ენუქიძე (18ქ, 10მ), თავამაიშვილი (6ქ, 16მ), მეზვრიშვილი (6); ყაჩიური (2), სვანიძე, გაბუნია (3), მჭედლიშვილი (2)
მსაჯები: გურამ მიქელაძე, მალხაზ ანდღულაძე
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
 
თასის გათამაშების საკვალიფიკაციო მატჩები ძალიან დაძაბული გამოვიდა. ერთი თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, მეორეს კი დამატებითი დრო დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ ეს 4 გუნდი მეოთხედფინალის საგზურებისთვის იბრძოდა დღევანდელ მატჩებში. სუპერლიგის პირველი წრის ცხრილის მიხედვით მოწინავე 6 გუნდს კი დაბევებული აქვს მეოთხედფინალში ადგილი, რომლებსაც დღევანდელ საკვალიფიკაციო მატჩებში გამარჯვებული გუნდები დაემატნენ და ხვალიდან თასის გათამაშება მეოთხედფინალიდან გაგრძელდება.
 
მოგეხსენებათ, „ავიამშენი“ თასის კენჭისწრის შემდეგ დაიშალა და მისი სამეოთხედფინალო მეტოქე „ბათუმი“ ავტომატურად გასულია ნახევარფინალში.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს, ერთიც და მეორეც დრამატულ ფინალში მორჩა. დინამოელებმა ლაშა ეძგვერაძისა და დუდა სანაძის კარგი თამაშის წყალობით 12 ქულით მოუგეს სამედიცინო–აკადემიელებს პირველი ტაიმი, თუმცა საბოლოოდ ვერ მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება. ამის მიზეზი ერთი მოთამაშე გახლდათ – „სამედიცინო–აკადემიის“ უკანახაზელი მერაბ ბოქოლიშვილი, რომელსაც პირველ ტაიმში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა, ხოლო მეორეში 29–ს მოუყარა თავი, დინამოელებს 6 სამქულიანი ჩაუგდო და არლაბათ არც არავის ეწყონება, თუკი ვიტყვით, რომ გია წულაძის გუნდს ამ მოთამაშემ გაამარჯვებინა. ბოლო წუთზე მედიკოს–აკადემიელთა ამ მატჩში პირველად დამაწინაურებელი ქულებიც სწორედ ბოქოლიშვილმა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მის გარდა (31 ქულა) ვერც ერთმა მისიანმა ვერ მიაღწია ათქულიან ზღვარს.
 
გამარჯვებული „სამედიცინო–აკადემია“ მეოთხედფინალში გავიდა და ხვალ, 21 იანვარს, 14 საათზე, რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში აგრარული უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება.
მეორე საკვალიფიკაციო მატჩში ჩხუბი მოხდა. შეხვედრის ძირითადი 40 წუთი თავიდან ბოლომდე  ჭიათურელთა უპირატესობით წარიმართა. სოხუმელები ხან 10 ქულით აგებდნენ, ხან ოდნავ ნაკლებით, მაგრამ ბოლო წუთზე ბუბა ბერიშვილის (35 ქულა) ძალისხმევით მაინც მოახერხეს გათანაბრება და თამაშიც ოვერტაიმში გადავიდა.
დამატებითი დროც დაძაბული იყო, ხოლო როცა დასრულებამდე 2 წუთი რჩებოდა, ჭიათურელ ირაკლი დოლიძესა და სოხუმელ გიგა კვეტენაძეს შორის შეკამათება და მუშტი–კრივი ატყდა. მოედანზე ორივე გუნდის წევრები შეიჭრნენ, რომელთაგან ნაწილი საჩხუბრად იწევდა, ნაწილი კი მოჩხუბრებს აშოშმინებდა.
 
საბოლოოდ სიტუაცია განიმუხტა და მსაჯებმაც შემდეგი ვერდიქტი გამოიტანეს: „სოხუმისგან“ ნიკა გაბელიას და გიგა კვეტენაძეს მისცეს დისკვალიფიკაცია, ხოლო „ჭიათურისგან“ ირაკლი დოლიძესა და უჩა ყაჩიურს. შესაბამისად, სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შეცვენილი ყველა მოთამაშე მოედნიდან გააძევეს და მატჩი სამ–სამმა მოთამაშემ (რომლებიც ჩხუბის დაწყებისას მოედანზე იმყოფებოდნენ, მაგრამ დისკვალიფიკაცია არ მიუღიათ) ჩაამთავრა.
სამი სამზე თამაშში სოხუმელებმა იძალეს და მატჩის შემდეგ მათი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია ხუმრობით ამბობდა, სტრიტბოლში ჩვენ ვაჯობეთო. სოხუმელები მეოთხედფინალში „ენერჯი–ინვესტს“ შეხვდებიან. ხვალინდელი სათამაშო დღე კი მთლიანობაში ასე გამოიყურება:
 
თსუ – შსს                             12:00
სსაუ – სამედ/აკადემია        14:00
ენერჯი – სოხუმი                 16:00