დასრულდა თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, რომლის ორგანიზატორიც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა. ჯგუფური ეტაპის დასრულების შედეგადაც ის გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
თავდაპირველად გეტყვით, რომ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან განაწილებულნი. სამწუხაროდ, გათამაშებიდან მოიხსნა “ვესტა, რომელთანაც ჯგუფის დანარჩენ 3 წევრს ტექნიკური მოგებები ჩაეწერა.
გათამაშების ფორმატის თანახმად პლეი ოფში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები (ჯამში 6 გუნდი)ავტომატურად ხვდებოდნენ, ხოლო მეოთხედფინალის დარჩენილი 2 საგზურისთვის 3 მესამეადგილოსანი და 1 საუკეთესო მე-4 ადგილზე გასული გუნდი იბრძვიან.
შესაბამისად, ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველაფერიც გაირკვა. მეოთხედფინალში პირდაპირ გავიდნენ ჯგუფებში I-II ადგილებზე გასული გუნდები: ჰიუნდაი, მართვე, აკადემია, დინამო, ორბი და ოლიმპი. რაც შეეხებათ მართვე 2-ს, იბერს, აკადემია 2-ს და ჰიუნდაი 2-ს, ესენი საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებენ და მათგან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა.
თბილისის ჩემპიონატი ამავდროულად საქართველოს პირველობის შესარჩევი ტურნირის სტატუსსაც ატარებს. მეოთხედფინალში გასული 8 გუნდი თბილისის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობის უპლებას მოიპოვებენ.
გთავაზობთ ჯგუფური ეტაპის საბოლოო ცხრილსა და მეოთხედფინალ-საკვალიფიკაციო მატჩების ბადეს.