თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატი აკადემიური ფინალით დასრულდება

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატი აკადემიური ფინალით დასრულდება

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საკალათბურთო აკადემიის 2 გუნდი შეხვდება. აკადემიურ ფინალში ერთმანეთს გელა წულაძის „აკადემია“ და ალეკო ჯაფარიძის „აკადემია 2“ შეხვდებიან. ამ გუნდებმა დღეს ნახევარფინალური მატჩები მოუგეს მეტოქეებს: „აკადემია 2“-მა „იბერს“ 61:56 სძლია, ხოლო „აკადემიამ“ დრამატულ მატჩში თითქმის უიმედო თამაში შემოუტრიალა „არმიას“ და 1 ქულის სხვაობით – 66:65 მოუგო.

მესამე პერიოდში აკადემიელები 10 ქულით ჩამორჩებოდნენ „არმიას“, ხოლო ბოლო მეოთხედში ჩამორჩენა ოდნავ შეამცირეს და უკანასკნელი წუთი რომ დაიწყო, სხვაობა 5 ქულას შეადგენდა. 64:59 დაწინაურებული არმიელები ბურთს ფლობდნენ და გამარჯვებამდეც ბევრი არაფერი  აკლდათ, თუმცა აკადემიელთა კარგი დაცვის გამო ბურთი დაკარგეს, ხოლო შმაგი ქორჩილავამ საფინალო სირენამდე 38 წამით ადრე შედეგიანი გარღვევით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა – 61:64.
„აკადემიის“ მჭიდრო დაცვამ ისევ გაამართლა და ჩაჭრის შემდეგ საბა გეგუჩაძემ ზუსტი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა – 64:64. აღსანიშნავია, რომ ეს იყო გეგუჩაძის პირველი ჩაგდებული ბურთი ამ მატჩში. წულაძის გუნდის მორიგი დაცვითი მანევრი ჯარიმით დასრულდა და არმიელმა მოთამაშემ დასრულებამდე 15 წამით ადრე მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო – 65:64.
გადამწყვეტ შეტყევაში ბურთი ოთო პერტაიამ წაიღო, რომელიც ფარქვეშ შეიჭრა და აბელ ნარსია ზუსტი პასით ფარქვეშ მარტო დატოვა. არმიელებმა ნარსია ჯარიმით შეაჩერეს, ამ უკანასკნელმა კი საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე ორივე ჯარიმა ჩააგდო და თავისიანები დააწინაურა – 66:65. არმიელებს ბოლო შეტევა და შანსი შერჩათ, თუმცა გადამწყვეტი სროლა ვერ ჩააგდეს და გამარჯვება „აკადემიას“ დარჩა.
გამარჯვებულთაგან 18 ქულით ბომბარდირი პერტაია გახდა, ხოლო ვათა სალაყაიამ ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. გამარჯვების ქულების მიმთვლელმა ნარსიამ კი ფარზე იბატონა – 22 ბურთი მოხსნა და ამას 8 ქულა მოაყოლა. 
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, მართალია, ალეკო ჯაფარიძის გაწვრთნილმა „აკადემია 2-მა 5 ქულით იმარჯვა, თუმცა თამაშის მანძილზე დამაჯერებლად იგებდა და მეტოქისთვის შანსი არ მიუცია. აკადემიელებს გამარჯვებისკენ მიშა ზურაბაშვილი გაუძღვა, რომელმაც 22 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. 12 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა ჯაბა ლაზვიაშვილმა, ლაშა მიქელაძემ კი თავისიანებს 13 ქულა და 21 მოხსნა მიაშველა.
ხვალ, 3 დეკემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ფინალური მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, 16:15 საათზე მესამე ადგილისთვის ერთმანეთს „არმია“ და „იბერი“ დაუპირიასპირდებიან“.