თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. დღეს, ახალ სპორტის სასახლეში 4 მეოთხედფინალი გაიმართა და ვერ ვიტყვით, რომელიმე მათგანში დიდი ბრძოლა ვიხილეთ. ნახევარფინალში გასულმა გუნდებმა მეტოქეებს იოლად აჯობეს. მხოლოდ „ჰიუნდაი 2“-მა გაუწია წინააღმდეგობა „არმიას“ და პირველ ტაიმში ლიდერობდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ თავდაცვის სამინისტროს გუნდმა 7 ქულით იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
მეორე წყვილში „იბერი“ და „ორბი“ შეხვდნენ. ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში თამაშის უფლება საკვალიფიკაციო მატჩში „მართვეს“ ძლევით მოიპოვა. „ორბის“ კალათბურთელებმა უფრო შორს წავლა ვეღარ მოახერხეს – „იბერთან“ დიდი სხვაობით – 63:107 წააგეს და დედაქალაქის ჩემპიონატს გამოეთიშნენ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ „ორბმა“ და ასევე ყველა მეოთხედფინალში გასულმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვა. ქვეყნის პირველობაზე თბილისის კვოტა 8 იყო და საგზურებიც ქვემოთ, პლეი ოფის ბადეში წარმოდგენილ მეოთხედფინალისტებს ერგოთ.
მესამე ნახევარფინალისტი „აკადემია 2“-ია, რომელმაც თსუ-ს შანსი არ დაუტოვა და 56 ქულის სხვაობით – 104:48 დაამარცხა. საუკეთესო ოთხეულში მოხვდა „აკადემიის“ ძირითადი გუნდიც, რომელმაც „ჰიუნდაის“ 83:57 აჯობა.
ნახევარფინალური მატჩები 2 დეკემბერს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. „იბერი“ „აკადემია 2“-ს შეხვდება, ხოლო „არმია“ – „აკადემიას“.