თბილისის ჩემპიონობისთვის „კნაუფ-აკადემია“ და „მართვე” იბრძოლებენ. ამ გუნდებმა დღეს საკალათბურთო აკადემიაში ნახევარფინალური შეხვედრები მოიგეს. დედაქალაქის 18-წლამდელთა ჩემპიონი კვირას, 26 ოქტომბერს, საკალათბურთო აკადემიაში გამოვლინდება. ფინალური მატჩი 18:45 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალებში დიდი ბრძოლები არ შემდგარა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „კნაუფ-აკადემიამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდს 18 ქულით სძლია. გამარჯვებულთაგან 17 ქულით და 12 მოხსნით ლუკა გიორგაძე გამოირჩა, 17 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა გიორგი გვიანიძემ.
მეორე ნახევარფინალში უფრო ემოციური გამოდგა. მართველი გოგლა ჭაჭია 2 არასპორტული ჯარიმის გამო დისკვალიფიცირებულ იქნა. არასპორტული მიიღო „იბერის“ მოთამაშემაც. ზურა ტომარაძის და ხათუნა გაბედავას გაწვრთნილმა „მართვემ“ „იბერს“ ისე მოუგო, მთელი თამაშის მანძილზე 10 ქულაზე ახლოს არ მიიკარა.
„მართვეს“ გამარჯვება დიდმნიშვნელოვნად განაპირობა ნოდარ სანაიას შედეგიანმა თამაშმა, რომელმაც 32 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. ორმაგი დუბლი დააგროვა გიორგი ჯაშმაც – 15 ქულა, 12 მოხსნა, ხოლო სანდრო ბეჟაშვილის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „იბერი“ და „შსს-აკადემია“ შეხვდებიან, საკალათბურთო აკადემიაში 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება. ხოლო ფინალი, როგორც თავშივე დავწერეთ, 18:45 საათზე დაიწყება.