თბილისის ვითა VTB ლიგაში იასპარეზებს

თბილისის ვითა VTB ლიგაში იასპარეზებს

თბილისის “ვითა” VTB ლიგაში იასპარეზებს. 1992-99 წლებში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონის ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში ასპარეზობა დღეს ოფიციალურად რუსეთის დედაქალაქში გადაწყდა.
მოსკოვში VTB ლიგის გუნდების საბჭო შეიკრიბა, რომელმაც მომავალი, 2015-2016 წლების სეზონის გუნდების რაოდენობა და გათამაშების ფორმატი დაადგინა. ფორმატს ცვლილება არ შეხებია: ლიგაში კვლავ 16 გუნდი იასპარეზებს. რეგულარული ჩემპიონატი ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით, 2 წრედ ჩატარდება, რომლის შედეგების გათვალისწინებით საუკეთესო 8 გუნდი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს. პლეი ოფის მატჩები მაისსა და ივნისში გაიმართება.
 

 
ქართული კლუბი პრესტიჟულ ტურნირში რუსულ “კრასნიე კრილიას” ჩაანაცვლებს, დანარჩენ მონაწილეთა ჩამონათვალი კი ამგვარია: ცსკა “ლოკომოტივ-ყუბანი”, “ნიჟნი ნოვგოროდი”, “უნიკსი”, “ხიმკი”, “ზენიტი”, “ავტოდორი”, “ენისეი”, “კრასნი ოკტიაბრი” (ყველა – რუსეთი), “ასტანა” (ყაზახეთი), “ბაიზონსი” (ფინეთი), “ნიმბურკი” (ჩეხეთი), ვეფ (ლატვია), “კალევი” (ესტონეთი) და “ცმოკი-მინსკი” (ბელარუსი ).
ვთბ-ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, “ვითას” პრეზიდენტი თემურ დათიკაშვილია, გენერალური მენეჯერი – ლევან მიქელაძე, ვიცე-პრეზიდენტები კი – კახა შენგელია და გიორგი მარკოიშვილი. 1992 წელს დაარსებული თბილისური კლუბი საშინაო მატჩებს სპორტის სასახლეში ჩაატარებს.
“ვითას” რუსი სპეციალისტი პაველ გოოგე გაწვრთნის, რომელთანაც ხელშეკრულების გაფორმება კლუბის პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა.