ლაშა ელბაქიძე და მისი “თბილისი” მომავალ სეზონში “ა” ლიგაში ითამაშებენ. ეს უფლება თბილისელებმა დღეს, ილიას უნივერსიტეტის გუნდის დამარცხებით მოიპოვეს. “თბილისს” უბრალოდ მოგება კი არა, მინიმუმ 22 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, “ა” ლიგის საგზური რომ მოეპოვებინა. ეს მისია თბილისელებმა შეუპოვარი თამაშისა და უდიდესი ბრძოლისუნარიანობით შედეგად შეასრულეს. ელბაქიძის გუნდმა ილიაუნის 99:73 მოუგო და “ა” ლიგის საგზური მოიპოვა.
დებულების თანახმად “ა” ლიგის გასული სეზონის ბოლოადგილოსანი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო რაუნდს თამაშობდა. “თბილისმა” “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშა, ფინალში გავიდა, თუმცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან დამარცხდა. კსუ პირდაპირ შევიდა “ა” ლიგაში, ხოლო “თბილისს” საგზურის მოსაპოვებლად ბოლო შანსი ილიაუნისთან დამატებითი საკვალიფიკაციოს მოგება დარჩა.
სერიის პირველი შეხვედრა “თბილისმა” ილიაუნისთან გასულ პარასკევს – 79:100 წააგო. 21-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და სასურველი სხვაობით გამარჯვება იოლი საქმე როდი გახლდათ, თუმცა თბილისელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს და ყოველ პერიოდში გარკვეული ოდენობის უპირატესობამ საბოლოო ჯამში 26 ქულა შეადგინა და “თბილისმაც” სერიასთან ერთად “ა” ლიგის საგზური მოიგო.
გამარჯვებულებს 27 ქულით ლუკა ზაქრაძემ ულიდერა. 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა სოსო გოგნაძემ, ხოლო 21 – ალექსანდრე მეგენეიშვილმა. ილიაუნიში 21 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ბრენდონ ჩანერი.
ასე და ამგვარად: “ა” ლიგა შეივსო და მასში 2017-18 წლების სეზონში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: “თსუ-ჰიუნდაი”, “არენა”, “ტიტები”, “წყალტუბო”, კსუ და “თბილისი”.
თბილისი – ილიაუნი
სტატისტიკა: 99:73











