წუხელ, ღამის სამის ნახევარზე, თბილისში სტამბოლიდან ირლანდიის ნაკრები ჩამოფრინდა. იშვითია, როცა გუნდი თამაშის წინა ღამეს ჩადიოდეს მეტოქე გუნდის ქვეყანაში, თუმცა ირლანდიელებმა მაინც ეს გზა აირჩიეს და ამის მიზეზი უფრო ავიარეისების განრიგი იყო.
ირლანდიელები ოპტიმალური შემადგენლობით ვერ გვეწვივნენ – ჯეი ლარანაგამ, რომელიც შარშან კელტების მოთამაშე მწვრთნელი იყო და ახლა თამაშისთვის თავის დანებებას აპირებს, განაცხადა, რომ 2 კალათბურთელი აკლიათ. თუმცა ირლანდიელებს ჰყავთ 2 ახალწვეუკლი: შავგვრემანი ძმები ვესტბრუკსები – აარონი და ისააკი.
თქვენ ძალიან ტანმაღალი მოთამაშეები გყავთ და ხვალ ყველა იქნებაო, იკითხა ლარანაგამ. იქნება მეთქი, „დავამშვიდე“ და ჩემის მხრივ ის კითხვები დავაყარე, რაც ქართველთა მხარეს აინტერესებს. მართალია, ირლანდიაც არაა ხელწამოსაკრავი გუნდი და კელტებთან მოსაგები გვაქვს, თუმცა ჩვენი ფიქრები უფრო შვედებს უკავშირდება – გუნდს, რომელთანაც ქართველებმა შარშან წააგეს და ახლა რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, რევანში უნდა ავიღოთ.
ჯეი ლარანაგა – ირლანდიელთა მწვრთნელი
– თქვენ 3 დღის წინ ეთამაშეთ შვედებს და რას იტყვით მათზე?
– ისევ ისეთი აგრესიული და ხისტი გუნდია, როგორიც შარშან იყო. ისინი დაცვით თამაშზე აკეთებენ აქცენტს და შესაბამისად რთულია მათ წინააღმდეგ ბრძოლა.
– რას ფიქრობთ, შარშანდელზე ძლიერი გუნდი ჰყავს შვედეთს?
– არა, თუ შარშანდელზე სუსტი არა, ძლიერი ნამდვილად არაა. თან მათ 2 წამყვანი მოთამაშე აკლიათ – იონას იერებკო და იოაკიმ ბლომი.
– ქართველებს თუ შესწევთ ძალა, რომ შვედეთი დაამარცხონ?
– როგორ არა, ყველაფერია მოსალოდნელი და ასე რომ ისიც შესაძლებელია, რომ ჩვენმა გუნდმა დიდი პრობლემები შეგიქმნათ. ჩვენ საბრძოლველად ჩამოვედით და ხვალ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით. მე აღარ ვარ მოთამაშე მწვრთნელი, აქტიურ სპორტს თავი დავანებე, თუმცა გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომლებიც ირლანდიური კალათბურთის მომავალია და მათი იმედი გვაქვს.
აი, ის შემადგენლობა, რომლითაც ირლანდია ხვალ შეგვებრძოლება:
14 კონორ გრეისი
24 პედი კელი
5 ჯეისონ კილენი
22 სკოტ კილვეინი
12 ბრაიან მულინსი
15 ჯუსტიენ ნატონი
6 იან ობოილი
10 კოლინ რეილი
7 ისააკ ვესტბრუკსი
4 აარონ ვესტბრუკსი
13 მაიკ უილიამსი
მთავარი მწვრთნელი – ჯეი ლარანაგა
ასისტენტი – მარკ კინენი