თორნიკე შენგელია: გული მტკივა, რომ ბოლო წუთებზე გუნდს ვერ დავეხმარე

თორნიკე შენგელია: გული მტკივა, რომ ბოლო წუთებზე გუნდს ვერ დავეხმარე

მატჩის შემდეგ ძალიან გულდაწყვეტილი იყო საქართევლოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელიც მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან ერთად პრეს-კონფერენციაზე გამოცხადდა.
თორნიკე შენგელია:
– პირველ რიგში მინდა გამარჯვება მივულოცო ლიტველ კალათურთელებს, მათ გულშემატკივრებს. უკან რომ ვიყურები, ორივე გუნდმა დიდი სამუშაო გასწია და იმსახურებდა მერვედფინალში ყოფნას. რაც შეეხება მატჩს, ძალიან დასანანია, რომ მცირე დეტალების გამო  წავაგეთ. ლიტვამ უკეთესად ითამაშა გადამწყვეტ მომენტში. განსაკუთრებულად მტკივა გული, რომ მოედნიდან გავვარდი და თამაშის ბოლოს გუნდს ვერ დავეხმარე.

იგორ კოკოშკოვი:
– ძალიან დაძაბული თამაში იყო ძალიან გამოცდილი და ძლიერ მეტოქესთან. ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ. თამაშის ბედი მცირე უპირატესობამ გადაწყვიტა, ლიტვა ძალიან ძლიერი გუნდია და თუნდაც უმნიშვნელო ჩავარდნებს არავის პატიობს. ჩვენ დავუშვით შეცდომები – უწყინარ სიტუაციაში დავკარგეთ რამდენიმე ბურთი, შეტევაშიც რაღაც არ გამოგვივიდა და ეს იყო – მეტოქემ ისარგებლა და მეოთხედფინალში გავიდა. წაგების მიუხედავად მინდა გუნდის წევრებს მადლობა ვუთხრა. ვამაყობ მათი დამოკიდებულებით, ერთიანობით და ბრძოლისუნარიანობით. სწორედ ამის წყალობით მოვიდა გუნდი ამ ეტაპამდე. როგორც გუნდი, ნაკრები ვითარდება, ასევე კალათბურთის ფედერაცია, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის.
პაულიუს იანკუნასი, ლიტვის ნაკრების წევრი:
– რთული თამაში იყო და კარგია, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ რომ დამთავრდა. ეს იყო დიდი გამარჯვება ლიტვისთვის, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდა და ახლა მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.
იონას კაზლაუსკასი, ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
– როგორც პაულიუსმა თქვა, თანაბარი და რთული თამაში იყო, სადაც ხშირი იყო ფიზიკური კონტაქტი. იონას ვალანჩუნასი რამდენიმე დღე ავადმყოფობდა და ვერ იყო ფორმაში, რამაც  დიდი პრობლემა შეგვიქმნა. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, თუმცა მეორეში ვიპოვეთ ჩვენი თამაში და სიტუაციას ვაკონტროლებდით.