თორნიკე შენგელია მოედანს ბასკური დებიუტითა და 7 ქულით დაუბრუნდა

თორნიკე შენგელია მოედანს ბასკური დებიუტითა და 7 ქულით დაუბრუნდა

თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. 24 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უნგრეთთან თამაშისას მიღებული ტრავმის შემდეგ შენგელიამ პირველად 11 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, „უნიკახას“ წინააღმდეგ ითამაშა.
შენგელიას გუნდი, ვიტორიის „ლაბორალ კუტხა“ პირველ ტურში, 5 ოქტომბერს „ბარსელონასთან“ დამარცხდა, დღეს კი ვიტორიელებმა შინ „უნიკახასთანაც“ წააგეს – 79:88.
შენგელიამ ტრავმის გამო გაცდენილი ხანგრძლივი პერიოდის კვალობაზე კარგად ითამაშა. ქართველისთვის ეს გახლდათ დებიუტი ბასკურ კლუბში, რასაც შენგელიამ წარმატებით გაართვა თავი.
თორნიკე სათადარიგო იყო, რომელმაც მოედანზე მთლიანობაში 14:17 წუთი გაატარა. შენგელიამ 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. მთლიანობაში მან 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
ლაბორალელთაგან საუკეთესო შედეგი სან ემეტერიომ აჩვენა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. 14 ქულა და 10 პასი მიითვალა ფრანგმა ტომას ჰუერტელმა, ხოლო სამმა კალათბურთელმა – ბერტანსმა, დიჯეი უაიტმა და კუსერმა შეხვედრა 8-8 ქულით დაამთავრეს.
შემდეგ მატჩს „ლაბორალ კუტხა“ ევროლიგაში, 17 ოქტომბერს, ლიტვური „ნეპტუნასის“ წინააღმდეგ გამართავს.