გუშინ „შარლერუა“ ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფში ჩაერთო. მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი თორნიკე შენგელიას გუნდმა „ლუვენს“ 76:68 მოუგო, თუმცა ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია. შენგელიამ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში „ოსტენდესთან“ ფეხის ტრავმა მიიღო და გუშინდელი შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა. ვითარების გასარკვევად თორნიკეს ბელგიაში შევეხმიანეთ
– რატომ არ ითამაშე მეოთხედფინალური სერიის საწყის შეხვედრაში?
– „ოსტენდესთან“ შეხვედრის მესამე მეოთხედში ფეხი ამომიბრუნდა და თამაში ვეღარ გავაგრძელე. ექიმების რეკომენდაციით გუშინდელი მატჩიც გამოვტოვე.
– რამდენად სერიოზული ტრავმაა, მოედანს როდის დაუბრუნდები?
– სავარაუდოდ, მომდევნო მატჩში ვითამაშებ. მეოთხედფინალური სერიის მომდევნო მატჩი 17 მაისს გაიმართება.
– ის ფეხი ხომ არ ამოიბრუნე, ზამთარში ოპერაცია რომ გაიკეთე?
– არა, მეორე ფეხია და სერიოზული არაფერია.
– ნბა–ს დრაფტზე სამონაწილეოდ განაცხადი შეიტანე. ხომ არ დაგიგეგმავს ამერიკულ კლუბებთან წინასადრაფტო ვარჯიშები?
– ჯერ არა, რადგან არ ვიცი, სეზონს როდის დავასრულებ. „შარლერუა“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, ჯერ კი მხოლოდ მეოთხედფინალური სერია დაიწყო. ამ საკითხზე ჩემი მენეჯერი მუშაობს და სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს მეცოდინება კონკრეტული გრაფიკი.